კახა ოქრიაშვილი - საბანკო სისტემა, რომელიც ძირითადად, ორი ბანკითაა წარმოდგენილი, ჩვენი ბიზნესის გაღარიბების და მოსახლების გაღატაკების მთავარი ფაქტორია

საბანკო სისტემა, რომელიც დღეს, ძირითადად, ორი ბანკით არის წარმოდგენილი, გახლავთ ჩვენი ბიზნესის გაღარიბებისა და მოსახლების გაღატაკების მთავარი ფაქტორი, - აღნიშნული განცხადებით პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი საბანკო სისტემის შესახებ ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის გუშინ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ სრულად ეთანხმება „დასმულ დიაგნოზს“.

"ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ საბანკო სისტემა უნდა იყოს ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა და არა მისი განვითარების მუხრუჭი. მსურს, დავეთანხმო მას ამ შეფასებაში. მეტიც, სწორედ საბანკო სისტემა, რომელიც დღეს, ძირითადად, ორი ბანკით არის წარმოდგენილი, გახლავთ ჩვენი ბიზნესის გაღარიბების და მოსახლების გაღატაკების მთავარი ფაქტორი. თავის მხრივ, სწორედ ეს ორი მოცემულობა იწვევს ქვეყნის სტაგნაციას და უკვე იქცა ჩვენი ეკონომიკის მუხრუჭად", - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის შეფასებით, საბანკო სისტემა არ უნდა იყოს ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ, მისი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს.