გერმანული პრემიუმ კლასის ავტომწარმოებელი Daimler AG უახლოს მომავალში აპირებს ლუქს კლასის ელექტრო სედანის წარმოებას.
საუბარია S-კლასის მოდელზე, რომლის სრულიად ელექტროძრავიანი ვერსია გამოვა და რომელიც პირდაპირ კონკურენციას გაუწევს ამ სეგმენტში ლიდერ ამერიკულ Tesla Model S-ს.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა დიტერ ზეტშემ ხორვატიაში ყოფნისას განაცხადა, ავტომობილი სახელწოდებით Mercedes EQ S შევა იმ 10 ელექტრომობილის ჩამონათვალში, რომლის წარმოებასაც კომპანია 2022 წლამდე გეგმავს.
როგორც მოსალოდნელია, ავტომობილი არ იქნება მხოლოდ „ელქტროფიცირებული“ ვერსია მოქმედი S-კლასისა, არამედ ის მიიღებს ახალ კორპუსს, სადაც განლაგდება გაძლიერებული აკუმულატორები. ავტომობილის ბაზარზე გამოჩენის კონკრეტული თარიღი არ სახელდება, თუმცა ეს უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2022 წლისა.
შეგახსენებთ, Mercedes გლობალურ პრემიუმ სეგმენტში ყველაზე გაყიდვადი საავტომობილო ბრენდია მან ზედიზედ მეორე წელია, რაც მოახერხა ლიდერობის შენარჩუნება და მიმდინარე წელსაც მნიშვნელოვნად აღემატება მის უშუალო კონკურენტებს BMW-ს და Audi-ის.
კოკა კვირკველია