„ბენტლი“ მზის ენერგიის ინტენსიურად ათვისებას იწყებს

სხვა ავტო მწარმოებლების მსგავსად, „ბენტლიც“ ელექტრიფიკაციის ტრენდის გაყოლას ცდილობს, ოღონდ მის შემთხვევაში, ეს მხოლოდ ელექტრომობილების და ჰიბრიდული ავტომობილების წარმოებას არ ეხება.

ბრიტანული კომპანია ცდილობს, რომ საკუთარი საწარმო, განახლებადი ენერგიით მოამარაგოს.

„ბენტლიმ“ თავისი ახალი გეგმა გამოაქვეყნა, რომლის შესაბამისადაც, ქრიუში, საკუთარი ქარხნის საავტომობილო სადგომზე, მზის 10 000 პანელის დამონტაჟებას აპირებს. ეს ბრიტანეთში მზის ენერგიის მომპოვებელი უდიდესი დანადგარი იქნება. სადგომზე 1 378 ავტომობილის ადგილია და მას 16 426 კვადრატული მეტრი ფართობი უკავია. პროექტის განხორციელებას ექვსი თვე დასჭირდება. მისი ამოქმედების შემდეგ, ქარხანა 2.7 მეგავატ ელექტრო ენერგიას მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ „ბენტლიმ“ უფრო ადრე, ქარხნის სახურავებზე, ორჯერ მეტი ფართობის მზის ელემენტები განალაგა. ამჟამად სახურავებზე 20 815 კვადრატული მეტრის მზის ელემენტები მუშაობს, მალე კი მათ დაახლოებით 10 000 კვ.მ ფართობის ახალი ელემენტები დაემატება. მათ მიერ გამომუშავებული ენერგია კი 1 750 სახლის მოსამარაგებლად იქნება საკმარისი.

„ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ ახალ ინიციატივებზე მუშაობას, რითაც გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას ვცდილობთ. იქნება ეს მომავალ მოდელებზე ალტერნატიული ძალური დანადგარების დაყენება, თუ ჩვენი ქარხნის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების ხარისხის შემცირება. მზის ელემენტების ეს ინსტალაცია კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიური სიახლეებით, წარმოების უფრო მეტი მდგრადობის მიღწევა“, - ამბობს „ბენტლის“ წარმოების დირექტორი პეტერ ბოში.

„ბენტლის“ ისტორიაში პირველი ელექტრიფიცირებული მოდელი მალე უგზოობის „ბენტაიგა ჰაიბრიდი“ გახდება, რომელიც პლაგ-ინ ტიპის ჰიბრიდული დანადგარით აღიჭურვება. კომპანია ამ სისტემას „პორშესგან“ მიიღებს, რომელთან ერთადაც, „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის წევრია. თუმცა იმავდროულად, კომპანია 8 და 12-ცილინდრიანი გიგანტური შიდაწვის ძრავების გამოყენებას კვლავაც გააგრძელებს.