თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხს მხარი დაუჭირა. ბიუჯეტში ცვლილებების შეტანისსაკითხი სხდომაზე თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა.
საბიუჯეტო ცვლილება 5,300 მლნ ლარს შეადგენს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა, ტენდერებიდან გარკვეული ეკონომიები მიიღეს, რაც სხვადასხვა მიმართულებებზე გადანაწილდება. "ეკონომიამ შეადგინა დაახლოებით 5მლნ 300 000 ლარამდე. ეს თანხა გადანაწილდა გარკვეულ პროგრამებზე, მათ შორის ნაწილი მიემართება საბავშვო ბაღების მიმართულებით. პედაგოგებს სააღდგომო, წამახალისებელი პრემიის სახით ჩაერიცხებათ. დაახლოებით, 700 000-მდე ლარია გათვალისწინებული ზედამხედველობის მიმართულებით აღჭურვილობისა და მათი მოვალეობების უკეთესად შესრულებისთვის. დაახლოებით 500 000-ზე მეტი ჩვენ გვაქვს სტიქიით დაზარალებულებისთვის საკომპენსაციო თანხები. ასევე, დაახლოებით 700 000 ლარი მიემართება ცალკეულ პარკებსა და სკვერებში უსაფრთხოების კამერების დასაყენებლად. დღის წესრიგში დადგა ეს საკითხი, რადგან ხდება ვანდალიზმი ცალკეულ პარკებსა და სკვერებში და ბიუჯეტს უკვე გაორმაგებულად უჯდება ეს თანხები. ძითითადად ეს იყო დღევანდელი ცვლილებების მიზეზი და საფუძველი, რომელიც საკრებულოს ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა", - განაცხადა ზარქუამ.
რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს, ზარქუამ აღნიშნა, რომ დაახლოებით 600 000-ზე მეტი ლარი მიემართება მერიის საინფორმაციო სააგენტოს დასაფინანსებლად, რათა საზოგადოებამ მეტი ინფორმაცია მიიღოს, თუ რა კეთდება დედაქალაქში, ეს იქნება ბუკლეტები თუ სხვა საინფორმაციო ინსტრუმენტები.