კახა კალაძე - არქი ჯგუფი“ იქნება, თუ ნებისმიერი სხვა კომპანია, საკუთარი მამაც რომ იყოს, კანონი არის ყველასთვის კანონი

მე მინდა გითხრათ, რომ „არქი ჯგუფი“ იქნება, თუ ნებისმიერი სხვა კომპანია, საკუთარი მამაც რომ იყოს, კანონი არის ყველასთვის კანონი , - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ბოლო დღეებში მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს, რომ "არქი ჯგუფთან" დაკავშირებით მას პირადი ინტერესები აქვს.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული განცხადებები სიცრუესა და დემაგოგიაზეა დამყარებული. "ბინა ვერ გიყიდია ადამიანს?! რაც შეეხება სამარცხვინო განცხადებებს. არ ვიცი როგორ ვუწოდო პარტია "ნაციონალურ მოძრაობას", რადგან ეს იქნება შეურაცხყოფა სხვა პარტიების მიმართ. ეს არის ადამიანების დაჯგუფება, რომელიც ქართველმა ხალხმა პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე მოისროლა. რაც შეეხება განცხადებებს, რომლებსაც ჩვენ მეორე დღეა ვისმენთ, ეს არის სიცრუესა და დემაგოგიაზე დაფუძნებული განცხადებები, თითქოს "არქი ჯგუფს" კოეფიციენტების გაზრდის შესაძლებლობა მიეცა. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, რადგან 2016 წელს განაშენიანების რეგულირების გეგმა იყო დამტკიცებული ამ კომპანიის და შესაბამისად, მე ისღა დამრჩენოდა გამომეცა აქტი და ეს ყველაფერი მოხდა კანონმდებლობის ფარგლებში. რაც შეეხება მშენებლობას, თუკი კახა კალაძე ლობირებს "არქი ჯგუფს", მაშინ როგორ ხდება მათი დაჯარიმება?! როცა აღმოჩნდა, რომ ისინი არაკანონიერ მშენებლობას აწარმოებდნენ, მიეცათ გაფრთხილება. მე მინდა გითხრათ, რომ "არქი ჯგუფი" იქნება, თუ ნებისმიერი სხვა კომპანია, საკუთარი მამაც რომ იყოს, კანონი არის ყველასთვის კანონი. ჩვენ გვაქვს ეს მიდგომები და არაერთი შემთხვევა დაგვიფიქსირებია, რომ ვინც კანონს არღვევს, დაისჯება", - განაცხადა კახა კალაძემ.