თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორიაზე 4-ვარსკვლავიანი ბრენდული სასტუმრო განთავსდება. პროექტს, რომელიც ბალნეოლოგიური კურორტის კომპლექსის რესტავრაცია-განვითარებას გულისხმობს, უძრავი ქონების განვითარების კომპანია „მეიდან ჯგუფში“ შემავალი შპს „იალონი“ ახორციელებს.
„მეიდან ჯგუფის“ ხელმძღვანელის ქეთევან ხუროძის ინფორმაციით, სასტუმრო კურორტის ერთ ნაწილში ადაპტირებული იქნება და ძირითადად იმ ტურისტებზე იქნება გათვლილი, რომლებიც კურორტს სხვადასხვა სამკურნალო და გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის მიმართავენ.
„მერიის არქიტექტურის სამსახურიდან დაახლოებით ორი თვის უკან სასტუმროს სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე ნებართვა მივიღეთ. ტენდერიც გამოცხადებულია. არსებული შენობის ერთ ნაწილში სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდება და სასტუმრო მასში ადაპტირდება. მხოლოდ ერთ სართულს დავამატებთ და სასტუმრო ოთხსართულიანი იქნება”, - აღნიშნავს ხუროძე.
მისი თქმით, სასტუმრო საერთაშორისო ბრენდის იქნება, თუმცა გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ცნობილი ბრენდი შემოვიყვანოთ. ტენდერში მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობენ. რამდენიმე მათგანთან გვაქვს მოლაპარაკება, თუმცა ამ პროცესში ვერ გავამხელთ, რომელ ბრენდზეა საუბარი. არის ბრენდები, რომლებიც უკვე წარმოდგენილია საქართველოში და ისეთებიც, რომლებიც ჯერ არ არის წარმოდგენილი“, - აღნიშნავს ხუროძე.
მისი ინფორმაციით, სასტუმროში მინიმუმ 110 ნომერი განთავსდება: „ გათვლილი იქნება ტურისტებზე, რადგან ეს იქნება სანატორიუმის ტიპის სასტუმრო, რომელიც ძირითადად ბალნეოლოგიური პროცედურების მიმართულებით იმუშავებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კურორტი მთელი წლის განმავლობაში მოქმედი იქნება“
რაც შეეხება მთლიანად კურორტის სარეაბილიტაციო პროექტს, ქეთევან ხუროძის თქმით, გარკვეული პროცესები უკვე დაწყებულია.
„ერთი წლის განმავლობაში არაერთი ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა შევიძინეთ და ძველი აპარატურა ჩავანაცვლეთ. სამედიცინო პროფილი გაფართოვდა, რაც შემოსავლებზეც აისახა. კლინიკაში სარემონტო სამუშაოებიც ჩატარდა. რაც შეეხება ბალნეოლოგიური კურორტის უკანა ნაწილს, სადაც პატარა შენობაა, ის შედარებით ახალია, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსს არ ატარებს. მისი რეკონსტრუქცია რამდენიმე დღეში დაიწყება“, - აღნიშნავს ხუროძე.
მისივე ინფორმაციით, შპს „იალონი“ ბალნეოლოგიური კურორტის განვითარებისთვის 8 მილიონ ლარს დახარჯავს, თუმცა საინვესტიციო ხარჯები შესაძლოა გაიზარდოს მას შემდეგ, რაც გადაწყდება, მასში რომელი ბრენდის სასტუმრო განთავსდება.
თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი საქართველოს მთავრობამ გასული წლის იანვარში გაყიდა. 100%-ის მფლობელი „მეიდან ჯგუფში“ შემავალი კომპანია შპს „იალონია“, რომელსაც ხელშეკრულებით განესაზღვრა, რომ სამი წლის განმავლობაში განახორციელოს სხვადასხვა სამუშაოები, რაც გულისხმობს საინვესტიციო ნაწილს, უნდა შეინარჩუნოდ დასაქმებულთა მაქსიმუმ 80% და ა.შ. კომპანია ასევე ვალდებულია ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის სხვაობა 2 357 234 ლარი გადაიხადოს.
აქამდე კურორტის 100%-ს სახელმწიფო ფლობდა, დირექტორი კი 2000 წლიდან მოყოლებული ნიკოლოზ სააკაშვილია. შპს „თბილისი-SPA"-ში ამჟამად 86 ადამიანია დასაქმებული. 2014 წელს კი კომპანიის შემოსავალი 620 000 ლარზე მეტი იყო.
თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი ექსპლუატაციაში 1938 წელს შევიდა. მას მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება. მსგავსი კურორტი დედაქალაქი მსოფლიოში გვხვდება ბუდაპეშტში, ჩეხეთში (კარლოვი ვარი) და გერმანიაში (ბადენ-ბადენი). კურორტის ნაწილს 1998 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
თეონა კენჭიაშვილი