ფიქსირებულ ინტერნეტთან დაკავშირებით სავალალო მდგომარეობა გვაქვს და ჩემი დღის წესრიგის პირველი საკითხია, ამას მოვუაროთ , – ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს პირადად ჩემი და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მთავარი გამოწვევაა. მარტივად რომ ვთქვათ, ამ საკითხს კონკურენციის გაზრდით, ახალი მოთამაშეების, მცირე და საშუალო ოპერატორების შემოყვანით და გაძლიერებით უნდა მოვუაროთ, ოღონდ გამოყენებული უნდა იქნას მსხვილი ოპერატორების, იგივე „მაგთიკომის“, „სილქნეტისა“ და „კავკასუს ონლაინის“ მაგისტრალური ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ მცირე და საშუალო ოპერატორებს ზედმეტი ინვესტიციის განხორციელება არ მოუწიოთ და მსხვილმა ოპერატორებმა მათ საკუთარი მაგისტრალური ინფრასტრუქტურა მიაქირაონ, ან ამით მიაწოდონ ინტერნეტის შემდგომი გადაყიდვის გზით“, – განაცხადა ბექაურმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე გლობალური მოთამაშე შემოვიდეს და გაკეთდეს ნეიტრალური ინტერნეტის გაყიდვის წერტილები, საიდანაც საშუალო და პატარა ოპერატორები გლობალური მოთამაშის ინტერნეტს შედარებით იაფად იყიდიან, დიდი ოპერატორების მაგისტრალურ ქსელებზე დაშვება ექნებათ და უშუალოდ მომხმარებელთან კონკურენცია გაიზრდება.
ბექაურმა ასევე აღნიშნა, რომ მობილური ინტერნეტის ფასი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ძალიან არის შემცირებული. კერძოდ, მისი თქმით, „2013 წლიდან დღემდე მობილური ინტერნეტის ხარჯი 60%-ით არის შემცირებული, ან იგივე ფასად მომხმარებლები უკეთეს ინტერნეტს იღებენ. ამაში ყველა დამეთანხმება“, - განაცხადა ბექაურმა.