თბილისის მერიამ ქუჩებსა და მაგისტრალებზე თერმო და ცივი პლასტით საგზაო მონიშვნების სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერი 27 აპრილს დაიწყება და 2 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 1 118 000 ლარია.
ამასთან, სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა - მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 3 წელია.
„დედაქალაქის ქუჩებსა და მაგისტრალებზე ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის მოწესრიგების მიზნით, ქუჩის სავალ ნაწილზე დატანილი უნდა იქნეს ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნები თერმო და ცივი პლასტებით. დასახაზია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ით „საგზაო მონიშვნები“ გათვალისწინებული საჭირო ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნები, ტექნიკური დავალების დანართის შესაბამისად, ამასთან დამკვეთის მიერ განსაზღვრულ ადგილებზე, დამკვეთის მოთხოვნით, ქვეითთა გადასასვლელი („ზებრა“), ე.წ. ზებრა გადასასვლელის საგზაო მონიშვნები დატანილი უნდა იქნეს თეთრ-ყვითელ, თეთრ-წითელ ან თეთრ-ნარინჯისფერ ფერებში,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
რაც შეეხება სამუშაოების მიწოდების ვადას, ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მოხდეს.