„როიალ ბატონი“ კახეთში, „ჯინო ველნესი“ რაბათში და „ბესტ ვესტერნი“ იმერეთში - ეს ის სასტუმროებია, რომლებიც „საქართველოს საპარტნიორო ფონდის“ თანადაფინანსებით გაიხსნა, თუმცა მალევე ფონდი ყველა პროექტიდან გამოვიდა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი დანელია აცხადებს, ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ პროექტები მიმზიდველია და კარგად მუშაობს.
სწორედ წარმატებული პროექტები გახდა იმის განმაპირობებელი ფაქტორი, რომ დღეს „საქართველოს საპარტნიორო ფონდს“ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა რეიტინგის პროგნოზი გაუზარდა და ის სტაბილურიდან პოზიტიურზე გადაიყვანა.
„საპარტნიორო ფონდის“ პროექტებში სასტუმროების განვითარებას საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ფონდს ამ ეტაპზე აქვს როგორც დასრულებული, ასევე მიმდინარე პროექტები.
საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის გიორგი დანელიას განცხადებით, ამ ეტაპზე ორი სასტუმროს მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და მათი მშენებლობა სავარაუდოდ, სექტემბრისთვის დასრულდება. „ეს არის წინანდლის „რედისონი“ და „სასტუმრო ლოპოტას“ გაფართოების პროექტი. „ლოპოტაში“ დახლოებით 70 ნომერს ვამატებთ, ასევე იქნება შატო, რესტორანი და ა.შ. რაც შეეხება, წინანდალში მშენებარე სასტუმროს, იქ მინიმუმ 120-ნომრიანი სასტუმრო იქნება. იქნება ასევე სპა ცენტრი, შეხვედრების და საკონფერენციო ოთახები, საკონცერტო სივრცე. ეს ტერიტორია მოიცავს ასევე ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმს, სადაც ერთი კომპლექსი შეიქმნება“, - განაცხადა გიორგი დანელიამ.
რაც შეეხება სასტუმრო „ბორჯომ-ლიკანს“, საიდანაც სასტუმროების ბრენდი „რიქსოსი“ სულ ცოტა ხსნის წინ გავიდა, დანელიას თქმით, ახალი ბრენდი შემოვა. „ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სხვადასხვა ბრენდთან, თუმცა გადაწყვეტილი არაა, რომელი შემოვა „ბორჯომ-ლიკანის სასტუმროში. დაინტერესება კი საკმაოდ მაღალია“, - აღნიშნა დანელიამ.
„საპარტნიორო ფონდის“ თანადაფინანსებით შენდება „რედისონ პარკ-ინ“ თბილისში სასტუმრო „თორის“ ადგილას, და სასტუმრო „ჰაიატი“ იუსტიციის სამინისტროს ყოფილ შენობაში.
გიორგი დანელიას განცხადებით, „საპარტნიორო ფონდის“ თანამონაწილეობით აშენდა სასტუმრო „როიალ ბატონი“ კახეთში, „ჯინო ველნესი“ რაბათში და „ბესტ ვესტერნი“ იმერეთში. „სამივე სასტუმროდან ფონდი იმაზე ადრე გამოვიდა, ვიდრე ეს გათვლილი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ სამივე პროექტი ძალიან კარგად მუშაობს, სამივე მიმზიდველია და სხვა ფინანსური ინსტიტუტებიც აფინანსებენ. ამ სასტუმროებთან მიმართებით ჩვენი როლი უკვე შევასრულებთ. მცირე წილით ვრჩევით საირმის კომპლექსში“, - აღნიშნა დანელიამ.
სწორედ ასეთი პროექტები გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დღეს „საპარტნიორო ფონდს“ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა რეიტინგის პროგნოზი გაუზარდა და ის სტაბილურიდან პოზიტიურზე გადაიყვანა. Fitch-ის რეიტინგებში „საპარტნიორო ფონდის“ რეიტინგი ყოველწლიურად უტოლდება საქართველოს სუვერენულ რეიტინგს და ამჟამად იგი "BB-"-ს შეადგენს.
„რეიტინგის ზრდა ნიშნავს იმას, რომ კომპანია უფრო მიმზიდველი ხდება. უფრო სანდო და უფრო მეტად ენდობიან მას საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები დაფინანსების განხილვის დროს. ჩვენთვის, როგორც ფონდისთვის რეიტინგი მნიშვნელოვანია იმით, რომ ის გაგვიხსნის კიდევ უფრო მეტად გზას სხვადასხვა დაფინანსების წყაროების მოსაპოვებლად. ჩვენ შეგვეძლება სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა და სესხის კარგი პირობებით აღება. ჩვენ ეს რესურსი გვჭირდება იმისთვის, რომ უფრო მეტი პროექტი დავაფინანსოთ. ეს საბოლოოდ უნდა აისახოს ჩვენი საინვესტიციო პორტფელის ზრდაზე“, - განაცხადა გიორგი დანელიამ.
Fitch ანგარიშში ხაზგასმულია, რომ „საპარტნიორო ფონდი“ საქართველოში ერთადერთი სახელმწიფო ინტიტუტია, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას (SME) ინვესტიციების კაპიტალის სახით მიწოდებით. რეიტინგის პროგნოზის გაუმჯობესების მიზეზად, აგრეთვე, სახელდება 2015 წლის ზარალის შემდეგ, 2016 და 2017 წლებში „საპარტნიორო ფონდის“ მოგებაზე გასვლა.