ის, რომ ღარიბ ქვეყანაში ბანკები არ უყვართ, ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ილიაუნის ბიზნეს სკოლის დეკანმა გიორგი ქადაგიძემ ბანკებთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„საქართველოზე გაცილებით უფრო განვითარებულ ქვეყნებში ანტისაბანკო განწყობები არის პოლიტიკური დღის წესრიგის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, თუმცა ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ წარმატებული კომპანიები არ ამაყობენ მოგების სიდიდით. წარმატებული კომპანიები ამაყობენ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის სტანდრატით. წარმატებული კომპანიები ამაყობენ იმ სასიკეთო ცვლილებებით, რაც მათ მოაქვთ საკუთარი მომხმარებლებისთვის და საკუთარი ქვეყნისთვის. ამ მიმართულებით ქართულ მსხვილ ბიზნესს სამუშაო ნამდვილად ბევრი აქვს, სულ თითებზეა ჩამოსათვლელი ისეთი კომპანიები, რომლებისთვისაც სოციალური პასუხისმგებლობა არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი საკუთარი საქმიანობის. ეს არის ჩემი კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ქადაგიძემ.
ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის შეფასებით, საბანკო სისტემა არ უნდა იყოს ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ, მისი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს.