"კიდევ უფრო იზრდება ინვესტორთა ნდობა და პოზიტიური მოლოდინები ჩვენი ქვეყნის ბიზნესგარემოს მიმართ"

კიდევ უფრო იზრდება ინვესტორთა ნდობა და პოზიტიური მოლოდინები ჩვენი ქვეყნის ბიზნესგარემოს მიმართ , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პოზიტიურ დინამიკაზე საუბრისას განაცხადა.

“2017 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს 1 861.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით 16.2%-ით გაიზარდა. კიდევ უფრო იზრდება ინვესტორთა ნდობა და პოზიტიური მოლოდინები ჩვენი ქვეყნის ბიზნესგარემოს მიმართ, რაზეც რეინვესტირების შთამბეჭდავი ზრდა მიანიშნებს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან დასკვნითი შეხვედრის შემდეგ.

მისი ინფორმაციით, 2017 წელს მნიშვნელოვნად - 129.6%-ით გაიზარდა რეინვესტირების მოცულობა და 712 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, რეინვესტირების დონის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოგების გადასახადის რეფორმამ, რომელიც ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, გადასახადების ნაცვლად, თანხები მიმართონ ახალ ინვესტიციებში, გააფართოვონ ბიზნესი და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები.

“პოზიტიური დინამიკა სახეზეა მიმდინარე წელსაც. თებერვალში წინასწარი შეფასებით ეკონომიკური აქტივობის ზრდის მაჩვენებელი 5.5%, ხოლო იანვარ-თებერვალში 4.9%-ია. დადებითი ტენდენციაა ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში 28%-ით გაიზარდა საქონლის ექსპორტი წინა წელთან შედარებით“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.