საშემოსავლო გადასახადისაგან შესაძლოა, დამატებით 873 ვეტერანიც გათავისუფლდეს

საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანა იგეგმება. კერძოდ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, დამატებით, კიდევ 873 ვეტერანი შესაძლოა, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდეს.

ცვლილების თანახმად, საშემოსავლო გადასახადით აღარ დაიბეგრება სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანი საქართველოს მოქალაქეების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე.

„მოქმედი რედაქციით, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მეორე მსოფლიო ომის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი საქართველოს მოქალაქეების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე. წარმოდგენილი პროექტით საშემოსავლო გადასახადით ასევე არ დაიბეგრება სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანი საქართველოს მოქალაქეების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე. ვეტერანთა 70% დაუსაქმებელია, 30% სოციალურად დაუცველია, ხოლო საგადასახადო შეღავათი წარმოადგენს დასაქმებისათვის ხელის შემწყობ გარემოებას, წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანი საქართველოს მოქალაქეებისათვის (,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები) საგადასახადო შეღავათის დაწესებას, რითაც მათი უფლებრივი მდგომარეობის შეღავათით მოსარგებლე სხვა კატეგორიის ვეტერანებთან გათანაბრება მოხდება,“-ნათქვამია პროექტში.

ამასთან, როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ბაზაში სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების მონაწილე 3128 პირია რეგისტრირებული. რაც შეეხება დასაქმებას, შემოსავლების სამსახურის ცნობით, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების 873 ვეტერანია დასაქმებული.

რაც შეეხება, ცვლილების გავლენას ბიუჯეტზე, პროექტის თანახმად, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წელიწადში, დაახლოებით, 523 800 ლარით შემცირდება.