მთავრობის ზომის შემცირება ეკონომიკაში არის ძალიან კარგი ტენდენცია და ეს ტრენდი გაგრძელდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მან ისაუბრა სტატისტიკურ მონაცემებზე, რომელიც, ბახტაძის შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მიმართულებით არსებულ პროგრესს ასახავს.
„მიმდინარე ხარჯები 2016 წელს არსებული 26%-დან 24,6%-მდე შემცირდა, ხოლო 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 23,9%-მდე შემცირება. მთავრობის ზომის შემცირება ეკონომიკაში არის ძალიან კარგი ტენდენცია და ეს ტრენდი გაგრძელდება. ასევე, მნიშვნელოვნად დაჩქარდა კაპიტალური ხარჯების ათვისება ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციების სახით. პრაქტიკულად, გასულ და მიმდინარე წელს დაიწყო ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაცია, როგორიცაა - რიკოთის მონაკვეთის ოთხივე სექცია, სამხრეთის მაგისტრალი - რუსთავიდან აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვრების მიმართულებით, საქართველოსთვის უპრეცედენტო სირთულის ხელოვნური ნაგებობები და გვირებები ნატახტარი-ყაზბეგისა და ქუთაისი-მესტიის მიმართულებით“, - განაცხადა ბახტაძემ.
მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილმა პროგრამამ და საქართველოს მთავრობის წარმატებულმა ფისკალურმა პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა, რომ ყველა მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტზე უკვე მოძიებულია შესაბამისი დაფინანსება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან.