საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს ჩვენს 4-პუნქტიან განვითარების გეგმას და ამ გეგმის ფარგლებში ჩვენ მიერ ინიცირებულ სტრუქტურულ რეფორმებს , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი საქართველოს პროგრამის მეორე მიმოხილვასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.
როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ და საქართველოს ხელისუფლებამ მიაღწიეს შეთანხმებას „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი საქართველოს პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულების თაობაზე, რაც დასამტკიცებლად სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიმდინარე წლის ივნისში წარედგინება.
ფინანსთა მინისტრმა გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას და მის ხელმძღვანელს მერსედეს ვერა-მარტინის, ასევე, ეკონომიკური პროფილის სამინისტროების შესაბამის უწყებებსა და ეროვნულ ბანკს.
„პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ბევრი და კომპლექსური რეფორმა. საერთშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს 4-პუნქტიან განვითარების გეგმას და ამ გეგმის ფარგლებში ჩვენ მიერ ინიცირებულ სტრუქტურულ რეფორმებს. მსურს, აღვნიშნო ის ძირითადი ფისკალური მიზნები, რომლებიც დავისახეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის ფარგლებში. პირველი გახლავთ მიმდინარე ხარჯების კონტროლი, მეორე - კაპიტალური ხარჯების დაჩქარება და მესამე - დეფიციტის შემცირება. ამან უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მისი გაძლიერება და მნიშვნელოვნად დააჩქაროს ინკლუზიური ზრდა. ინკლუზიური ზრდა, რომელიც შეეხება ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, წარმოადგენს ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, გაზრდილი შემოსავლებით, ნაკლები დამოკიდებულებით იმპორტზე, გაზრდილი საექსპერტო პოტენციალით და შემცირებული მოწყვლადობით ჩვენ აუცილებლად შევძლებთ აღნიშნული მიზნების მიღწევას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.