კახა კალაძე - მეტროპოლიტენის მემანქანეებისთვის ხელფასების გაზრდა არ იგეგმება, რადგან მათ საკმარისი ხელფასი აქვთ

თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, მეტროპოლიტენის მემანქანეებისთვის ხელფასის ოდენობის გაზრდა არ იგეგმება.

თბილისის მერი მიიჩნევს, რომ მემანქანეებს საკმარისი ხელფასები აქვთ. კალაძემ აღნიშნა, რომ არის მიმართულებები, თუნდაც საბავშვო ბაღები, სადაც ხელფასები ძალზე დაბალია.

„მემანქანეებისთვის ხელფასების გაზრდა არ იგეგმება, რადგან მათ საკმარისი ხელფასი აქვთ - დაახლოებით, 1200, 1300, 1400, 1500 ლარი, გააჩნია მემანქანეს. ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ გვაქვს მთელი რიგი მიმართულებები, სადაც ხელფასების თვალსაზრისით სერიოზული პრობლემებია, თუნდაც ბაღების მიმართულებით. ადამიანები დღე და ღამე მუშაობენ, აქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობები და ხელფასი 300-400 ლარი აქვთ, დირექტორებს - 800 ლარი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცოტაა. რაც შეეხება მეტროს მემანქანეებს, საკმარისი არასდროს არაფერი არ არის, თუმცა მომდევნო წლებში ქვეყნის ეკონომიკის და ქალაქის განვითარებასთან ერთად, ხელფასის მატება გონივრულობის ფარგლებში უნდა იყოს“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეებმა 2 აპრილს საათობრივი ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. პროფესიული კავშირის „ერთობა 2013“-ის თავმჯდომარის რატი კაპანაძის განცხადებით, მემანქანეების გამაფრთხილებელი აქცია 2016 წელს დაწყებული პროცესების გაგრძელებაა. კერძოდ, მისივე თქმით, აღნიშნულ პერიოდში ისინი აქციებს მართავდნენ სამი მოთხოვნით, რომელთაგან ორი დაკმაყოფილდა, ხოლო საათობრივ ანაზღაურების გაზრდასთან დაკავშირებით სიტუაცია არ შეცვლილა.

მეტროპოლიტენის მემანქანეები ამჟამად არსებული საათობრივი ანაზღაურების გაზრდას, კერძოდ, საათში ხელზე ასაღები ამჟამად არსებული 7 ლარიდან თანხის 10 ლარამდე გაზრდას ითხოვენ.