ზამთარში ქვეყნის მთავარი ელექტროსადგურის, ენგურჰესის და ვარდნილჰესების კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ფაქტობრივად, მთლიანად აფხაზეთს მიაქვს.
ამაზე მიუთითებს 2018 წლის ელექტროენერგიის ბალანსიც, რომლის მიხედვითა ორივე ჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 92,6% ოკუპირებულ რეგიონს მიეწოდა.
როგორც ცნობილია, აფხაზეთი ენგურჰესისა და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით მარაგდება. ზამთრის სეზონზე ორივე ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 50%-ზე მეტი აფხაზეთს მიაქვს, ზაფხულში ეს მაჩვენებელი შედარებით მცირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას აფხაზები მთლიანად უფასოდ იღებენ.
საქართველოს ელექტროენერგიის 2018 წლის ბალანსის მიხედვით, იანვარ-მარტში ენგურჰესისა და ვარდგილჰესების კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 724.8 მლნ კვტ/სთ იყო, აქედან 671,3 მლნ კვტ/სთ აფხაზეთის რეგიონმა მოიხმარა, ეს იმას ნიშნავს, რომ 2018 წლის პირველ კვარტალში აფხაზებმა ამ ორი ჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 92,6% წაიღეს. 2017 წლის იანვარ-დეკემბერშიკი აფხაზეთის რეგიონმა 46.9% წაიღო.
რაც შეეხება თითოეულ თვეს, მონაცემები ასე გამოიყურება: იანვარში ენგურჰესისა და ვარდნილჰესის მიერ წარმოებული იქნა 259.1 მლნ კვტ/სთ, თებერვალში - 228.2 მლნ კვტ/სთ, მარტში - 237.4 მლნ კვტ/სთ. აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობამ კი იანვარში შეადგინა - 247.408 მლნ კვტ/სთ, თებერვალში - 216.467 მლნ კვტ/სთ და მარტში - 207.426 მლნ კვტ/სთ.
როგორც ცნობილია, ენგურჰესი ექსპლუატაციაში 1978 წელს შევიდა, თუმცა სამშენებლო სამუშაოები 1988 წელს დასრულდა. ენგურჰესის წლიური გამომუშავება 3 მილიარდ კილოვატ საათს აღემატება. 1997 წელს დადებული სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით, ენგურჰესისა და ვარდნილჰესების (გალის ტერიტორიაზე) კასკადის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთის რეგიონს უნდა წაეღო, 60% კი - საქართველოს დანარჩენ რეგიონებს. საქართველოსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობებს შორის კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით ოფიციალური ხელმოწერილი დოკუმენტი არ არსებობს. თუმცა აფხაზებს ყოველთვის 40-50%-ზე მეტი დენი მიაქვთ და თანაც მუდმივად უფასოდ.
ელზა წიკლაური