"ბანკები იმპორტიორებს და სამომხმარებლო სესხებს აფინანსებენ სიამოვნებით. ჩვენი ფულით იქმნება სამუშაო ადგილები სხვა სახელმწიფოებში", - ამის შესახებ საქართველოს განვითარების ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გოგავა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ბანკირები ავიშვიშდნენ! ყველა მედია გამოცემაში გამოვიდნენ ასპარეზზე. მინისტრმა ბახტაძემ დაუფრთხო ძილი! ბანკების ზემოგებები საფრთხეშია! არ ვიცი ვინ როგორ, მაგრამ ჩემგან პატივისცემა ფინანსთა მინისტრს ბანკების შესახებ განცხადების გამო. ბანკები იმპორტიორებს და სამომხმარებლო სესხებს აფინანსებენ სიამოვნებით. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ ჩვენი ფულით იქმნება სამუშაო ადგილები სხვა სახელმწიფოებში. სამომხმარებლო სესხის უდიდესი ნაწილი ხომ იმპორტულ საქონელს ხმარდება: მაცივარი, ტელევიზორი, ტელეფონი, ავტომობილი... საქართველოს მიერ იმპორტულ საქონელში გადახდილი ფულით უცხო ქვეყნებში დაახლოებით 400,000 სამუშაო ადგილი პირდაპირ იქმნება, ხოლო 2 მილიონამდე ირიბად. ბანკები უნდა "დავარწმუნოთ" საკრედიტო პორტფელის ნაწილი წარმოებისკენ მიმართონ - ხალხიც დასაქმდება, გადასახადიც მეტი შევა ბიუჯეტში, ხალხის ქვეყნიდან გადინებაც შენელდება და კატასტროფულ საგარეო ვაჭრობის სალდოს ოდნავ "გავაკეთილშობილებთ", - წერს ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში.