შეერთებული შტატების ენერგიის ინფორმაციის ადმინისტრაციის (EIA) პროგნოზით, ქვეყანაში ფიქალური ნავთობის ყოველდღიური მოპოვება მაისში 125 000 ბარელით გაიზრდება, აპრილის ბოლოს კი 7 მილიონიან ზღვარს მიაღწევს. მოპოვების ზრდას ძირითადად ფიქალის საბადო „პერმეინი“ უზრუნველყოფს.
„პერმეინი“ არის შეერთებულ შტატებში ყველაზე დიდი ფიქალის საბადო. მაისში იქ მოპოვება დღიურად 73 000 ბარელით გაიზრდება და 3.2 მილიონ ბარელს მიაღწევს. მაგრამ როგორც EIA წერს, ზრდას ის გარემოება აფერხებს, რომ მილსადენების ინფრასტრუქტურა, ასეთი მოცულობის გატარებას ვერ უზრუნველყოფს.
პარალელურად, იზრდება მოპოვება სხვა საბადოებზეც. EIA-სვე პროგნოზით, შტატ ჩრდილოეთ დაკოტაში არსებული „ბაკენის“ საბადოზე დღიური მოპოვება 15 000 ბარელით გაიზრდება და 1.2 მილიონ ბარელს მიაღწევს. საბადო „იგლ ფორდზე“ დღიური მოპოვება 24 000 ბარელით, 1.3 მილიონამდე გაიზრდება, რაც 2016 წლის მაისის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია.
შტატებში ასევე იზრდება ფიქალის საბადოებზე გაზის მოპოვებაც. სულ ამერიკის ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის დღიური მოპოვება 1 მილიარდზე მეტი კუბური ფუტით გაიზრდება და 66.9 მილიარდ კუბურ ფუტს მიაღწევს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
მოპოვების ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა ბლოკ „აპალაჩიას“ საბადოებზეა მოსალოდნელი, სადაც შედის ფიქალის ფორმაციები „მარსელუსი“ და „უტიკა“. მაისში იქ დღიური მოპოვება 0.4 მილიარდი კუბური ფუტით გაიზრდება და ჯამში 27.7 მილიარდს მიაღწევს.