აზიის განვითარების ბანკი საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა დაინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც დონორი დააფინანსებს, 24-კილომეტრიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში აშენდება 9 კილომეტრიანი გვირაბი. ქვეშეთი - კობის მონაკვეთი საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ნაწილია. რაც შეეხება საპროექტო სამუშაოებს, მას მსოფლიო ბანკი აფინანსებს და უკვე დასკვნით ფაზაშია.
დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ და აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ვერნერ ლიპახმა პროექტის სამშენებლო არეალი დაათვალიერეს.
„ჩვენ უკვე 10 წელია ვმუშაობთ საქართველოში და ამ პერიოდში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განვახორციელეთ. ამჯერად ძალიან საინტერესო პროექტს ვეცნობით, რომელიც ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი გზის ნაწილია. მთიანი რელიეფის გამო აქ რთული სამუშაოები გველის, რაც ხიდისა და გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი როგორც საქართველოსთვის, ისე აზიის განვითარების ბანკისთვის“, - განაცხადა ვერნერ ლიპახმა.
„დღეს გავეცანით იმ ლოკაციას, სადაც უშუალოდ იგეგმება გზის გაყვანა. გზასთან ერთად დაგეგმილია გვირაბისა და ხიდის მშენებლობა. ჩვენი დიზაინერების შეფასებით, ეს ხიდი მოხვდება ევროპის 10 საუკეთესო და ყველაზე მაღალ ხიდს შორის. დონორის შეფასებითაც, რეგიონში, ეს მათთვის გამორჩეული პროექტია. აზიის განვითარების ბანკი მხოლოდ მიმდინარე წელს საქართველოში 360 მილიონ ლარამდე ღირებულების საგზაო, წყალმომარაგების და სხვა მიმართულების პროექტებს აფინანსებს. იგი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მაია ცქიტიშვილის შეფასებით, ქვეშეთი - კობის პროექტის განხორციელება აუცილებელია ქვეყნის სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის.
ჯვრის უღელტეხილზე, ზამთარში, ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო მოძრაობა ხშირად იკეტება და სატრანზიტო მიმოსვლა ფერხდება. პროექტის დასრულების შემდეგ, ეს პრობლემა მოგვარდება და მგზავრობა უსაფრთხო გახდება.
რაც შეეხება 9 კილომეტრიან გვირაბს, რომელიც ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება. პროექტი თბილისი-ლარსის მიმართულებით გადაადგილების დროს 1 საათით შეამცირებს.