ვაკანსიები, სადაც დასაქმების ყველაზე მეტი შანსი გაქვთ

2018 წლის 3 თვეში დასაქმების სააგენტოებში ვაკანსიების რაოდენობა გაიზარდა.

როგორც კომპანიებში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ყველაზე მეტი ვაკანსია გაყიდვების სპეციალისტებზე, ბუღალტერებზე და ფინანსისტებზე მოდის.

როგორც დასაქმების სააგენტო hr.ge-ში აცხადებენ, 2018 წლის პირველ კვარტალში 2017 წელთან შედარებით ვაკანსიების რაოდენობა დაახლოებით 17 პროცენტით არის გაზრდილი.

რაც შეეხება სფეროებს, სადაც ყველაზე მეტი ვაკანსია ქვეყნდება, როგორც კომპანიის რეგიონალური მენეჯერი ინგა შახბაზიანი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, არის გაყიდვების სპეციალისტი.

„ყველაზე მეტი ვაკანსია - 26 პროცენტი გაყიდვების მიმართულებით ქვეყნდება. შემდეგ მას მოსდევს კლიენტთა მომსახურება, რომელმაც 8 პროცენტი შეადგინა. 5 პროცენტია ბუღალტერია და ფინანსები, სამედიცინო მიმართულებები კი 3 პროცენტი. მეხუთე ადგილს საბანკო მიმართულებები იკავებს. დანარჩენი სფეროები კი 1 პროცენტზე ნაკლებია. რაც შეეხება ყველაზე იშვიათ პოზიციებს, ესენია წარმოება და ტექნიკური პოზიციები“ - განაცხადა შახბაზიანმა. 

ვაკანსიების რაოდენობის ზრდაზე საუბრობენ სააგენტო dasaqmeba.ge-ში: „2018 წელს ვაკანსიების რაოდენობა 2017 წელთან შედარებით ნამდვილად გაზრდილია. რაც შეეხება სფეროებს, ყველაზე მეტი ვაკანსიები კლიენტთან მომსახურების სფეროებია“, - აცხადებენ სააგენტოში.

ლიკა ამირაშვილი