2018 წლის მაისის ბოლოს კომპანია Starbucks ამერიკაში აგორებული რასისტული სკანდალის გამო 8 ათასამდე მაღაზიას დახურავს. ამის მიზანი კი პერსონალისთვის ინსტრუქტაჟის ჩატარება იქნება, რომელიც რასობრივ დისკრიმინაციას გამორიცხავს.
ცოტა ხნით ადრე კომპანიას მოუწია ბოდიშის მოხდა გასულ კვირას მომხდარი ინციდენტის გამო, რომელიც ფილადელფიაში, ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა. ინციდენტის დროს მაღაზიის პერსონალმა პოლიცია გამოიძახა, რათა ორ შავკანიან პირს მაღაზიის ტერიტორია დატოვებინა, რომლებიც მეგობრის მოლოდინში მაგიდასთან ისხდნენ, ისე რომ შეკვეთა არ გაუკეთებიათ. შედეგად ისინი ხელბორკილდადებულები აღმოჩნდნენ პოლიციის განყოფილებაში, თუმცა მათ ბრალდება არ წაუყენეს.
ამ ფაქტის შემდეგ გახშირდა მოწოდებები Starbucks-ის ბოიკოტირებაზე. კომპანიის დირექტორის კევინ ჯონსონის განცხადებით, ის სიტუაციაში გარკვევის მიზნით ფილადელფიაში იმყოფებოდა, სადაც მაღაზიიდან გაძევებულ ორ შავკანიანს შეხვდა. მათი ადვოკატებისა და კომპანიის წარმომადგენლის ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ შეხვედრა იყო კონსტრუქციული.
ჯონსონმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ აღნიშნული ინციდენტი საფუძვლად დაედება პოზიტიურ ცვლილებებს საზოგადოებაში. მისი თქმით, 29 მაისს კომპანიის ყველა მაღაზია და ოფისი დაიხურება და ინსტრუქტაჟს დაექვემდებარება კომპანიის 175 ათასი თანამშრომელი. ის ასევე გახდება აუცილებელი ყველასთვის, ვინც კომპანიაში დასაქმებას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ მაღაზიების ერთდღიანი დახურვა კომპანიას 20 მილიონი დოლარის შემოსავალს დააკარგვინებს.
კოკა კვირკველია