თამარ მეფის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამ მიზნით, საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე თბილისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
კერძოდ, სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 28 აპრილს დაიწყება და 1 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 50 ათასი ლარია.
„მომსახურების მიწოდება მიზნად ისახავს სარეაბილიტაციო ხიდზე სრულყოფილი საველე საკვლევაძიებო სამუშაოების ჩატარებას და ხიდის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას, რაც გულისხმობს საპროექტო ხიდის ძირითადი ტექნიკურ-ეკონომიკური და ზოგადი სატრანსპორტო-საექსპლუატაციო მახასიათებლებისა და მონაცემების განხილვას, შესწავლასა და გაანალიზებას. თამარ მეფის სახელობის ხიდის კონსტრუქციების გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა რიგი დაზიანებები და დეფექტები, რომლებიც ხიდის ხანმედეგობასა და საექსპლოატაციო თვისებებზე მოქმედებენ. კერძოდ, რეაბილიტაციას საჭიროებს: ხიდზე წყალმოცილების სისტემა; მისასვლელი მიწაყრილი მარცხენა ნაპირზე; სავალი ნაწილისა და ტროტუარების საფარი; ხიდზე ჰიდროიზოლაცია; თაღების ქვედა ზედაპირების ბეტონი; გამოტუტვის ლაქებისაგან გასაწმენდია (ხიდზე ჰიდროიზოლაციის შეცვლის შემდეგ) ხიდის მოპირკეთების ქვები; მიმდინარე რემონტს საჭიროებს ტროტუარის კონსოლების ბეტონი; მიმდინარე რემონტს საჭიროებს ხიდის მოაჯირები და პარაპეტები; სასურველია ხიდქვეშა ზონიდან მშენებლობის ნარჩენების მოცილება; სასურველია აღდგეს მარცხენა ნაპირის შუალედ ბურჯზე მემორიალური დაფის წარწერა,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.