2015-2017 წლებში ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტორებმა საერთო ჯამში 593 ობიექტი შეამოწმეს.
შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2015 წელს მონიტორინგი 118 ობიექტზე განხორციელდა და მოიცვა თბილისის 116, ხოლო ჭიათურისა და ზესტაფონის 2 ობიექტი.
2016 წელს შრომის ინპექტორების მიერ შემოწმდა 188 ობიექტი, ხოლო 2017 წელს შემოწმებული ობიექტების რაოდენობა გაიზარდა და 287-ს გაუტოლდა.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, 2015-2017 წლებში ობიექტებზე დაფიქსირებული დარღვევების მეტი წილი, 14.6% მოდის სახანძრო უსაფრთხოებაზე. (არ ტარდება სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟის ჩატარების გზით, არ არის გამოკრული საევაკუაციო გასასვლელებთან ხანძრის დროს ადამიანთა ევაკუაციის გეგმა, არ არის ან ვადაგასულია ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებები, ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების განთავსების ადგილები არ არის აღნიშნული სახანძრო უსაფრთხოების შესაბამისი ნიშნებით, არ არის აღნიშნული ფეთქებადსაშიში მოწყობილობების და ფეთქებადსაშიში ნივთიერებების და მასალების შენახვის ადგილი სახანძრო უსაფრთხოების შესაბამისი ნიშნებით, ჩახერგილია საევაკუაციო გზები, სხვადასხვა საგნით გადაკეტილია გამწოვი არხები, ღიობები და ცხაურები, სახანძრო სტენდი არ არის დაკომპლექტებული ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებით, არამექანიზებული სახანძრო ინსტრუმენტით და ინვენტარით, სახანძრო სტენდი არ არის, არ არის ხანძარსაშიში სიტუაციებისა და ხანძრის ლოკალიზაციის და ლიკვიდაციის გეგმა).
დარღვევათა 10.3% ტრავმატიზმის აღურიცხაობაზე ხოლო 8.8% - ელექტროუსაფრთხოებაზე მოდის. 7.8% ნაწილდება ინდივიდუალური დამცავი საშუალებების გამოუყენებლობასა და უქონლობაზე.
2015 წლის II ნახევრიდან – 2017 წლის პერიოდში ინსპექტირებამ მოიცვა თბილისსა და რეიონებში არსებული ფუნქციონირებული ობიექტები: ობიექტების 59.2% ნაწილდება თბილისში განთავსებულ ობიექტებზე, 11.1% - აჭარაში არსებულ ობიექტებზე, 9.8% - იმერეთის ობიექტებზე, 3.6% - სამეგრელოს ობიექტებზე, 3.1% - შიდა ქართვლის ობიექტებზე, 3.1% - რაჭა- ლეჩხუმის ობიექტებზე, 2.9% - ქვემო ქართლის ობიექტებზე, 2.4% - სამცხე-ჯავახეთის ობიექტებზე, 2.2% - გურიის ობიექტებზე, 1.9% - კახეთის ობიექტებზე, 0.7% - მცხეთა-თიანეთის ობიექტებზე.
ქრისტინე გამთენაძე