ქვეყანაში ჯარიმების ოდენობა საგრძნობლად იზრდება და რეპრესიულ ხასიათს იღებს, რაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილის გაღიზიანებას იწვევს.
ისეთ პირობებში, სადაც მოსახლეობა ეკონომიკურად საგრძნობლად შეზღუდულია, ჯარიმების წილი თვალსა და ხელს შუა იზრდება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სპეციალისტები არსებულ ვითარებას უარყოფითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ხალხის შემოსავალი ჯარიმების ოდენობას ვერ გაუძლებს.
რეპრესიული ჯარიმების ნათელ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს ქუთაისში მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ტროტუარზე ავტომობილების არასწორ პარკინგზე კონტროლის დაწესებული სანქცია. ქვეითთა სავალ ნაწილზე მანქანის გაჩერება 500 ლარით დაჯარიმებას ექვემდებარება.
ზედამხედველობის სამსახურმა უკვე დააჯარიმა რამდენიმე მოქალაქე, თუმცა მანამდე მათ გაფრთხილება მისცეს. ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროს ზვიად ჯავახიას თქმით, აღნიშნული ქმედება პირველ ჯერზე გაფრთხილებას, ხოლო განმეორების შემთხვევაში დაჯარიმებას ითვალისწინებს. "ჩვენ მივმართეთ სასამართლოს და 500-500 ლარით უკვე დაჯარიმდნენ მოქალაქეები", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზვიად ჯავახიამ.
"ახალგაზრდა ადვოკატების" თანადამფუძნებელი არჩილ კაიკაციშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა საგრძნობლად მძიმეა, ასეთ ვითარებაში კი ჯარიმების უაზროდ ზრდა არ არის მიზანშეწონილი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს უკვე რეპრესიულ ხასიათს იღებს.
"იმ ქვეყანაში, სადაც სოციალური ფონი საკმაოდ მძიმეა, სახელმწიფო ინსტიტუციები ფრთხილად უნდა იყვნენ. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ დაჯარიმება, ხშირ შემთხვევაში, წარმოადგენს ბიუჯეტის შევსების საუკეთესო ხერხსა და ფორმას. დაუდასტურებელი ინფორმაციით, არსებობს მითითება, რომ კონკრეტული ჯარიმები ემსახურება ბიუჯეტის შევსებას.
მოსახლეობა წინასწარ გაფრთხილებული უნდა იყოს სხვადასხვა სამართალდამრღვევი მოქმედების თაობაზე, სახელმწიფო ინსტიტუციები კი ახდენენ ამ მოქმედებების პრევენციას. ჯარიმების ოდენობა იზრდება და უკვე რეპრესიულ ხასიათს იღებს თითქმის ყველა მიმართულებით. ამ თვალსაზრისით აგრესიულ ხასიათს ატარებდა "სითი პარკი" და ახლა უკვე სახელმწიფო ორგანიზაციებიც.
სულაც არ მიმაჩნია, რომ ჯარიმის გარეშე შეიძლება, პრობლემა მოგვარდეს, პირიქით, ქაოსი დაისადგურებს, თუმცა მისი მუდმივი გაზრდა არ არის კარგი მეთოდი. მოსახლეობას ისედაც უამრავი პრობლემა აქვს და რეპრესიულ ჯარიმებს ნამდვილად მტკივნეულად აღიქვამს. ხალხს უსამართლობის გრძნობა უმძაფრდება", - განუცხადა "რეზონანსს" კაიკაციშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯარიმისა და კონტროლის წინააღმდეგ არ გამოდის, უფლებადამცველ ლაშა ჩხარტიშვილს ბოლოდროინდელი მიდგომა საკმაოდ მკაცრად მიაჩნია. მისი თქმით, ხელისუფლება წვრილ ბიზნესს უყურებს არა როგორც დამსაქმებელს, არამედ მათ აღიქვამს შემოსავლის წყაროდ. ასეთივე მდგომარეობაში არიან მოქალაქეები, რომელთა მიმართ ჯარიმები ბოლო დროს სულ უფრო რეპრესიულ ხასიათს იღებს.
"ჯარიმები ისედაც მკაცრია და კიდევ უფრო მკაცრდება მიდგომა წვრილ ბიზნესსა და მოქალაქეებთან მიმართებით. მსხვილ ბიზნესს ამას ვერ უბედავენ და პირიქით, ძალზე ლოიალურად ეპყრობიან. რეალურად რომ ვთქვათ, ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოების უდიდეს ნაწილზე, რომელიც სიღარიბეში ცხოვრობს, მოახდინოს ზეწოლა, რათა მათ ხარჯზე ხელი შეუწყოს ბიზნესის გამსხვილებასა და წარმატებას. ხშირ შემთხვევაში ეს ბიზნესი ან მათი საკუთრებაა, ან მასთან კორუფციულ გარიგებაშია.
ხელისუფლება წვრილ ბიზნესს უყურებს არა როგორც დამსაქმებელს, არამედ - ჯარიმებიდან მისაღებ შემოსავლის წყაროს. ასეთივე მდგომარეობაში არიან მოქალაქეები, რომელთა მიმართ სანქციები სულ უფრო რეპრესიულ ხასიათს იღებს. ეს არასწორი პოლიტიკაა, რომელიც მიზანმიმართულად ხორციელდება.
რა თქმა უნდა, კონტროლი და მონიტორინგი არის ძალზე მნიშვნელოვანი, მაგრამ დღეს მთავარი დამნაშავე თითქმის ყველა მიმართულებით არის მსხვილი ბიზნესი. ხელისუფლება რეპრესიებს ატარებს წვრილი მეწარმეებისა და მოქალაქეების მიმართ, მაგრამ ვერაფერს უბედავს მონოპოლისტებს", - განუცხადა "რეზონანსს" ჩხარტიშვილმა.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"