ავიაგადამზიდველი ვალდებული იქნება, მგზავრის შესახებ წინასწარი მონაცემები უფლებამოსილ ორგანოს მიაწოდოს

ავიაგადამზიდველი ვალდებული იქნება, მგზავრის შესახებ წინასწარი მონაცემები უფლებამოსილ ორგანოს მიაწოდოს.

„ავიაგადამზიდველის მიერ უფლებამოსილი ორგანოსთვის მგზავრის წინასწარი მონაცემებისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემების მიწოდების წესი“ მთავრობამ დადგენილებით დაამტკიცა. დადგენილება განსაზღვრავს ავიაგადამზიდველის მიერ მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემებისა და მგზავრის წინასწარი მონაცემების უფლებამოსილი ორგანოსთვის მიწოდების, უფლებამოსილი ორგანოს მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავების, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებისთვის გადაცემის და ასევე, მისი წაშლისა და დეპერსონალიზაციის წესს, ვადებსა და პროცედურებს.

მთავრობის განმარტებით, აღნიშნული წესის შემოღება მიზნად ისახავს ტერორიზმის, ასევე, სხვა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა პრევენციის, გამოვლენის, გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის ხელშეწყობას, სასაზღვრო კონტროლის გაუმჯობესებასა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას.

კერძოდ, ავიაგადამზიდველი, რომელიც საერთაშირისო რეისს ახორციელებს, ვალდებული იქნება, ფრენის დაგეგმილ დროზე 48 საათით ადრე ან/და დაუყოვნებლივ საჰაერო ხომალდის აფრენის შემდეგ, უფლებამოსილ ორგანოს უსასყიდლოდ მიაწოდოს მგზავრის სახელის ჩანაწერის შემდეგი მონაცემები: მგზავრის სახელის ჩანაწერის უნიკალური კოდი; ბილეთის დაჯავშნის/გაცემის თარიღი; მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია; მოგზაურობის სრული მარშრუტი; ხშირი მგზავრის შესახებ ინფორმაცია; ინფორმაცია ტურისტული სააგენტოს შესახებ; მგზავრთა რაოდენობა და სახელები; მგზავრის სტატუსი (რეგისტრაციის დრო, ჩაჯდა თუ არა საჰაერო ხომალდში); ზოგადი შენიშვნები, მათ შორის არსებული ინფორმაცია 18 წლამდე პირების შესახებ; ბილეთის ნომერი, გაცემის თარიღი, ცალმხრივი ბილეთები; ადგილის ნომერი და სხვა ინფორმაცია; კოდის გაზიარების (code share) შესახებ ინფორმაცია; ბარგის შესახებ ინფორმაცია; დამჯავშნავი პირის სახელი და გვარი; გადახდის შესახებ მონაცემები (გადახდის ტიპი, ღირებულაბა შესაბამისი ვალუტის მითითებით, გადამხდელის შესახებ მონაცემები, საკრედიტო ბარათის მონაცემები); სამგზავრო დოკუმენტის ნომერი, ტიპი და მოქმედების ვადა, მოქალაქეობა, სრული სახელი, დაბადების თარიღი, სქესი, ავიაკომპანია, რეისის ნომერი, რეისის დაწყების და დასრულების თარიღი, გამგზავრების პუნქტი და დანიშნულების პუნქტი, მგზავრების საერთო რაოდენობა ბორტზე, ჩასხდომის საწყისი ადგილი და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ეს ვალდებულება არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე, სამაშველო/საევაკუაციო ფრენებზე, სახელმწიფო ავიაციაზე, იმ მონაცემების მიწოდებაზე, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს.

მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემები უფლებამოსილი ორგანოს მონაცემთა ბაზაში 5 წლის ვადით შეინახება, თუმცა 6 თვის ვადაში მონაცემები უნდა იქნას დეპერსონალიზებული იმგვარად, რომ მგზავრის იდენტიფიცირება გამოირიცხოს.

უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს მონაცემების რეალურ დროში კოპირებასა და შესაბამის მონაცემთა ბაზაში ასახვას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წვდომას იმ მონაცემთა ბაზაზე, ისევე, როგორც მის მიერ აღნიშნული მონაცემების მართვის სისტემის შექმნასა და ფუნქციონირებას.

ამასთან, მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემები, შესაძლოა, საჭიროების შემთხვევაში მესამე ქვეყანას გადაეცეს.

ზემოაღნიშნული წესი 2018 წლის 1-ლი ივნისიდან ამოქმედდება.