„ბიზნესის წახალისებას ნამდვილად არ ემსახურება ის ფაქტი, რომ ლომბარდებს აქვთ უფლება, უძრავი ქონება მიიღონ გარანტიად“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე, პირდაპირ ეთერში განაცხადა, სადაც ის მოქალაქეების კითხვებს ონლაინ რეჟიმში პასუხობდა.
„საზოგადოებაში არის მნიშვნელოვანი შეკითხვები დაგროვილი ლომბარდების საქმიანობასთან დაკავშირებით. მე მაქვს კონკრეტული პოზიცია - ბიზნესის წახალისებას ნამდვილად არ ემსახურება ის ფაქტი, რომ ლომბარდებს აქვთ უფლება, გარანტიად მიიღონ უძრავი ქონება. მოვისმინე ექსპერტების მოსაზრება, რომ თუ ადამიანი ლომბარდში თავის სახლს გარანტიის სახით მიიტანს და ფულს მიიღებს, ამით შესაძლებელი იქნება ბიზნესი დაიწყოს.
ვის გაქვთ იმის წარმოდგენა, რომ დალომბარდებული სახლიდან მიღებული თანხა შეიძლება სასტარტო კაპიტალად იქნას გამოყენებული. ეს არის არასერიოზული არგუმენტი. მსგავსი ტიპის ტრანზაქციები ემსახურება სხვა უფრო ძალიან პრობლემურ საკითხებს“, - აღნიშნა ბახტაძემ.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით გადასახედია იმ აქტივების ჩამონათვალი, რომლებიც სალომბარდე საქმიანობაში მონაწილეობენ.
„ამ მიმართულებით ნაბიჯები არის გადასადგმელი და ცალსახად უნდა იყოს განსაზღვრული იმ აქტივების ჩამონათვალი, რომლებიც სალომბარდე საქმიანობაში არ უნდა მონაწილეობდნენ. ჩემი მოსაზრებით, ეს უნდა შეეხოს არა მხოლოდ უძრავ, არამდ მოძრავ ქონებას - ავტომობილებსაც. ეს კონსულტაციის შედეგი უნდა იყოს. პრობლემა, რომელიც დღეს დგას ლომბარდების საქმიანობასთან დაკავშირებთ, მას აქვს ობიექტური საფუძველი. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს თამაშის ახალი წესები დასამკვიდრებელი. ეს ხელს შეუწყობს ჯანსაღი საბაზისო ეკონომიკის პრინციპების დამყარებას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.