მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ როდესაც მათ ყოველ თვე დენის გადასახადის გადახდა უჭირთ, რაც მეტად უჭირთ, მით უფრო კარგად ცხოვრობს სულხან ზუმბურიძე - მოსახლეობისათვის გაზრდილი ტარიფიდან სწორედ მას ეზრდება ხელფასი , - აღნიშნული განცხადება დღეს პლენარულ სხდომაზე, უმცირესობის დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა გააკეთა.
დეპუტატმა “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მეუღლის ყოველთვიურ შემოსავლის თაობაზე ისაუბრა. ნადირაშვილის ინფორმაციით, ოჯახის ყოველთვიური სახელმწიფო შემოსავალი 36 ათასი ლარია.
“მთავრობისა და უმრავლესობისგან ძალიან ხშირად მომისმენია, რომ პიარი არ გვივარგა და გაკეთებული საქმეების წარმოჩენას ვერ ახერხებთ. უფრო შორს მინდა წავიდე და გითხრათ, რომ ხანდახან ხელს შავი პიარი გიშლით და გაკეთებული საქმეები ამიტომაც არ ჩანს. ამის მაგალითად დავით საგანელიძე მინდა დავასახელო. ქუჩაში ათი ადამიანი რომ გავაჩეროთ, ცხრა გეტყვით, რომ საგანელიძე ყველაზე უფრო მაღალანაზღაურებადი ჩინოვნიკია. ეს არის ნამდვილად შავი პიარი. მე ახლა წარმოგიდგენთ, ვინ არის ყველაზე უფრო მაღალანაზღაურებადი ჩინოვნიკი საქართველოში: ეს არის სულხან ზუმბურიძე. ეს არის ბიჭი სისხლიანი 9-წლიდან, რომელსაც თქვენ ვითომ ასე ებრძვით. 2013 წელს მისი ხელფასი 218 000 ლარი იყო, 2014 წელს – 270 000 ლარი, 2015 წელს - 335 000 ლარი, 2016 წელს - 326 000 ლარი, 2017 წლისთვის მისი ხელფასი 341 700 ლარს შეადგენს ანუ ყოველ თვე ეს ბატონი 28 500 ლარს იღებს. მისი ხელფასი 2013 წლიდან 2017 წლამდე 123 ათასი ლარით გაიზარდა. შესაძლოა ვინმემ იფიქროს, რომ ამ ადამიანმა ბევრი იმუშავა, მაგრამ მოსახლეობას მინდა ავუხსნა, რომ როდესაც თქვენ ყოველ თვე გიჭირთ დენის გადასახადის გადახდა, რაც უფრო გიჭირთ მით უფრო კარგად ცხოვრობს სულხანი, რადგან თქვენთვის გაზრდილი ტარიფიდან სწორედ მას ეზრდება ხელფასი. სულხან ზუმბურიძის მეუღლის ქეთევან რეხვიაშვილის ანაზღაურება წლიდან წლამდე იზრდებოდა. მისი ხელფასი 2017 წლისათვის 92 848 ლარს შეადგენს ანუ ყოველ თვე 7 700 ლარს იღებს. ამ ოჯახის საერთო შემოსავალია და ყოველ თვე სახელმწიფო ამ ოჯახში აგზავნის 36 ათას ლარს. ეს თანხა არის 194 პენსიონერის პენსია და 67 მასწავლებლის ხელფასი“, - განაცხადა ნადირაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ნადირაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაუგებარია, თუ რატომ არის სულხან ზუმბურიძე პრივილეგირებული იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლების 70% შემოსავლის სახით თვეში 600 ლარს იღებს.