ტურიზმის ადმინისტრაცია Tripadvisor-ზე ახალ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიოს უდიდეს ტურისტულ პორტალ Tripadvisor-ზე ახალ მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, თანამშრომლობასთან დაკავშირებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და Tripadvisor-ის მარკეტინგის მენეჯერმა ჩად შივერმა მემორანდუმი გააფორმეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ინტერნეტკამპანია Tripadvisor-ზე ერთი წელი გაგრძელდება. შეთანხმების მიხედვით, 2018 წლის 23 აპრილიდან და 22 სექტემბრამდე საქართველოს შესახებ Tripadvisor-ზე ბანერული რეკლამა განთავსდება, რომელსაც, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვარაუდით, 3 მილიონამდე ინტერნეტმომხმარებელი იხილავს, ხოლო premium partnership პაკეტი, რაც შინაარსის განახლებას და მართვის საშუალებას გულისხმობს, 2019 წლის 23 აპრილამდე გაგრძელდება. ინტერნეტკამპანია მოიცავს 24 ქვეყანას: აშშ, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ნორვეგია, დანია, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, პოლონეთი, იტალია, გერმანია, უკრაინა, რუსეთი, ისრაელი, თურქეთი და ა.შ.

ცნობისთვის, Tripadvisor-ს 500 მილიონზე მეტი მიუკერძოებელი ტურისტული შეფასება აქვს, ვებგვერდს 440 მილიონი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს.