109-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელებისთვის სააღმზრდელო პროცესი სამ სხვა ბაღში გადანაწილების შედეგად ორშაბათიდან განახლდება,- ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განუცხადა.
გვანცელაძემ 109-ე ბაგა-ბაღში დღეს განვითარებული მოვლენების შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომლის წევრებსაც დღესვე შეხვდება.
„საინიციატივო ჯგუფთან ერთად, რომელშიც მშობლები და პედაგოგები შედიან, ჩვენ დავათვალიერებთ ალტერნატიულ ფართებს, სადაც ბავშვები უნდა გადანაწილდნენ. ასევე მათი ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი ყველა ეტაპზე, რაც შეეხება ბაღის შენობის პროექტირებას, დემონტაჟსა და მშენებლობას. ბაღები უკვე შერჩეულია, სადაც აღსაზრდელები გადანაწილდებიან, ეს არის 128-ე, 215-ე და მე-16 საბავშვო ბაღი. ორშაბათიდან ამ ბავშვებისათვის სააღმზრდელო პროცესი აღდგება”, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
თბილისის 109-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლები ბაღის ეზოში შეიკრიბნენ. ისინი აღნიშნული შენობის დემონტაჟის განხორციელებასა და მათი ბავშვების სხვა ბაღებში გადანაწილებას ეწინააღმდეგებოდნენ. ადგილზე თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი, საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე იმყოფებოდნენ. როგორც ილია ელოშვილმა განაცხადა, ამ შენობის ადგილზე ახალი ბაღის დასაპროექტებლად ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. მისივე თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით 10 ბაგა-ბაღიდან უკვე მოხდა ბავშვების გაყვანა, ეს მე-11 ბაღია, სადაც აღნიშნული პროცესი უნდა განხორციელდეს.
ამ დროისთვის ბაღის ეზოში მშობლების გარკვეული ნაწილი კვლავ რჩება.