მოსახლეობაში ჭარბვალიანობა არის საკმაოდ მტკივნეული პრობლემა, უფრო მეტიც, ვფიქრობ, ეს გადაზრდილია ისეთ მასშტაბებში, რომელსაც სჭირდება სისტემური მიდგომა და ერთობლივი ძალისხმევა, რომ ეს პრობლემა იქნას აღმოფხვრილი , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ Facebook Live-ის მიმდინარეობის დროს განაცხადა.
მამუკა ბახტაძის შეფასებით, გასული კვირა საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში ძალიან საინტერესო იყო.
„ჩვენმა ინიციატივებმა და რეფორმებმა, რისი გატარებაც გვსურს, გამოიწვია საკმაოდ ჯანსაღი დისკუსია საზოგადოებაში, რასაც მივესალმები. როდესაც არსებობს პრობლემა, აუცილებელია, დისკუსიის, კომუნიკაციის დაწყება, ვინაიდან თუ დისკუსია არ მიმდინარეობს პრობლემა შეიძლება გახდეს უფრო მასშტაბური, უფრო გლობალური და მისი გადაჭრა შეიძლება უფრო მტკივნეული იყოს. შესაბამისად, მივესალმები იმ დისკუსიას, რაც დაიწყო საზოგადოებაში. მაქვს ჩემი პრინციპული პოზიცია, რომ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს პრობლემები. მოსახლეობაში ჭარბვალიანობა არის საკმაოდ მტკივნეული პრობლემა, უფრო მეტიც, ვფიქრობ, ეს გადაზრდილია ისეთ მასშტაბებში, რომელსაც სჭირდება სისტემური მიდგომა და ერთობლივი ძალისხმევა, რომ ეს პრობლემა იქნას აღმოფხვრილი. ჭარბვალიანობა არის არასამართლიანი მიდგომის კლასიკური მაგალითი, როდესაც ჭარბვალიანობა დაგროვდა საზოგადოებაში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შემოსავლის დადასტურებას არავინ არ ითხოვდა იმ წლების განმავლობაში, რასაც ჩვენ ვაკვირდებით. ეს მიუღებელი პრაქტიკაა ევროპისთვის, საითკენაც ჩვენ მივისწრაფვით და ამ პრობლემას სჭირდება კონკრეტული გადაჭრის გზები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ეკონომიკური გუნდი, ეროვნულ ბანკთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტზე მუშაობს.
„მე გავაკეთებ ყველაფერს და იმედს გამოვთქვამ, რომ მაისში ეს დოკუმენტი შევა ძალაში, რასაც ჰქვია „პასუხისმგებლიანი დაფინანსების პოლიტიკის“ შემოღება. ამას ფინანსისტები უწოდებენ Responsible Finance policy-ს, რომელიც არის აპრობირებული ყველა წამყვან ქვეყანაში და ყველა წამყვან ეკონომიკაში, სადაც იქნება დაფიქსირებული სესხის მომსახურების კოეფიციენტები. არ შეიძლება, რომ ადამიანი თავისი განკარგვადი შემოსავლიდან იხდიდეს იმ რაოდენობის თანხებს, რაც ხშირ შემთხვევაში ჩვენს მოსახლეობაშია დაფიქსირებული. ე.წ. სწრაფი და ონლაინ სესხების შემთხვევაში ეს პრობლემა კიდევ უფრო რთული და მტკივნეულია. ამის გარდა, ამ დოკუმენტში აუცილებლად უნდა დავაფიქსიროთ ის პროცედურები, რითაც გვექნება იმის საშუალება და საზოგადოებას ექნება იმის განცდა, რომ არათუ ჩვენ შევამცირებთ ჭარბვალიანობას საზოგადოებაში, არამედ მომავალში გამოვრიცხავთ და გავაკეთებთ სრულფასოვან პრევენციას, რომ ჭარბვალიანობამ იმ დონეს არ მიაღწიოს, რომ ეს შეიძლება გახდეს ასეთი სისტემური პრობლემა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.