საქართველოს ავიაბაზარზე ივნისიდან ახალი ავიაკომპანია Flynas შემოვა

საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია Flynas შემოდის.

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან.

მათივე ინფორმაციით, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ეროვნული გადამზიდავის, ავიაკომპანია Flaynas-ის გენერალურ დირექტორს, ბანდერ აბდულრაჰმან ალ მოჰანას შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღნიშნული ავიაკომპანია საქართველოში ოპერირებას მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყებს და რეგულარულ რეისებს საუდის არაბეთის სამი უმსხვილესი ქალაქიდან - ერ-რიადიდან, დამამიდან და ჯედადან თბილისის მიმართულებით კვირაში სამ-სამი სიხშირით შეასრულებს.

როგორც საუდის არაბეთის ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, დიდია ტურისტების დაინტერესება საქართველოთი, როგორც უნიკალური ტურისტული მიმართულებით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამომავლოდ იგეგმება მარკეტინგული კამპანიის გაააქტიურება საუდის არაბეთში, რომელიც ასევე გაზრდის ტურისტების რიცხვს აღნიშნული ქვეყნიდან.

სამინისტროს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2017 წელს საქართველოში საუდის არაბეთის 56,252 მოქალაქე შემოვიდა და წინა წელთან შედარებით 176%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2018 წლის 3 თვის მონაცემებით საქართველოში საუდის არაბეთის 3,406 მოქალაქე შემოვიდა და შარშანდელი წლის 3 თვესთან შედარებით 82% ზრდა დაფიქსირდა.

ავიაკომპანია Flynas ფრენებს 35 მიმართულებით ასრულებს და თბილისში მისი ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია Voyager იქნება.