„გოლდმენ საქსი“ აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მიერ გაერთიანება „რუსალის“ წინააღმდეგ შემოღებული სანქციების გამო, ალუმინი შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაძვირდეს და ტონაში 3 000 დოლარსაც კი მიაღწიოს.
რუსული კომპანია მსოფლიოში ალუმინის მეორე უდიდესი მწარმოებელია.
„გოლდმენ საქსი“ აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მიერ „რუსალის“ წინააღმდეგ შემოღებული სანქციების გამო, მსოფლიო ბაზარზე ამ მეტალის მიწოდება მკვეთრად შემცირდა და ფასების ზრდას სწორედ ეს გარემოება იწვევს. ამის გამო, ბანკმა ალუმინზე ფასების სამ, ექვს და 12-თვიანი პროგნოზები მნიშვნელოვნად გაზარდა.
ტონაში 3 000 დოლარი დაახლოებით 25 პროცენტით სჭარბობს იმ ფასს, რომელიც ალუმინზე დღეს ფიქსირდება. სანქციამდელ ფასებს კი დაახლოებით 50 პროცენტით აღემატება.
„შეერთებული შტატების მიერ, რუსი ოლიგარქების და მათ მფლობელობაში და კონტროლს დაქვემდებარებული არსებული კომპანიების წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, ალუმინის ბაზარზე ძლიერ რყევებს იწვევს. ამის გამო, ჩვენი პროგნოზებიც შესაძლოა შორს იყოს სიზუსტისგან. თუ პრობლემის სწრაფი გადაჭრა არ მოხდა, შესაძლოა ფასები ჩვენს პროგნოზებსაც ასცდეს“, - ნათქვამია ბანკის განცხადებაში.
ალუმინის ფასი უკვე ასცდა ბოლო ექვსი წლის მაქსიმუმს. „გოლდმენ საქსი“ ფასის კიდევ უფრო მეტად ზრდას ელის, თუმცა ვარაუდობს, რომ ბაზრის დასტაბილურების შემდეგ, მეტალის ფასი ახლანდელ დონეზე დაბლა დაეცემა. საინტერესოა, რომ შეერთებული შტატების სანქციები იმ დროს ამოქმედდა, როცა მსოფლიო ბაზარზე მასზე მოთხოვნა და შესაბამისად, ფასიც ისედაც იზრდებოდა. ამის მიზეზი კი მსხვილი ბრაზილიური მიმწოდებლის, „ალუნრტეს“ საწარმოებში შექმნილი პრობლემები იყო.
ლონდონას მეტალების ბაზარზე, დღეს ალუმინის ფასი 2.3 პროცენტით გაიზარდა და ტონაში 2 460 დოლარს მიაღწია. ეს 2011 წლის შემდეგ უმაღლესი ფასია. მაშინ ლონდონშივე ტონა ალუმინს 2 453 დოლარად ყიდულობდნენ. „გოლდმენი“ ვარაუდობს, რომ სამ თვეში მეტალი 2 500 დოლარი ეღირება, ექვს თვეში ფასი 2 300 დოლარამდე ჩამოვა, 12 თვეში კი 2 000 დოლარზე ნაკლები ეღირება. თუმცა სამივე პროგნოზი ადრინდელთან შედარებით მაინც გაზრდილია. ამ პროგნოზებიდან გამომდინარე, ფასის მკვეთრი ზრდა უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი.