საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) რექტორმა მიშა ბატიაშვილმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან (MIT) თანამშრომლობის დეტალები განიხილეს, რომლის თანახმად, თბილისში MIT-ს მხარდაჭერით, გლობალური „სტარტაპ ლაბი“ შეიქმნება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა განაცხადა, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თანამშროლობა უმნიშვნელოვანესია და სამომავლოდ, როგორც ორგანიზების, ასევე შინაარსობრივ ნაწილშიც სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
“ლაბის ფარგლებში, MIT-ის სპეციალისტების ხელმძღვანელობით, სტუდენტები ტექნოლოგიურ პროექტებს განახორციელებენ და მოხდება მათი საერთაშორისო ბაზარზე გატანის ხელშეწყობა. გლობალური „სტარტაპ ლაბის“ შექმნა ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, მსოფლიოს საუკეთესო სამეწარმეო კულტურა გაიზიარონ და ინოვაციური ბიზნესი შექმნან. პროგრამაში სტუდენტების სწავლის საფასურს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სრულად დაფარავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.