დისკრიმინაციული მიდგომები და წინაღობები ქართველი საავტომობილო გადამზიდავების მიმართ

რამდენად კონკურენტუნარიანია ქართველი საავტომობილო გადამზიდავი და ვინ არის პასუხისმგებელი დაიცვას ქართველი მეწარმის უფლებები საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელებისას, ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia განცხადებას ავრცელებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ HUB Georgia-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ქართველი გადამზიდავები საერთაშორისო გადაზიდვების შესრულებისას მნიშვნელოვან წინაღობებს ხვდებიან, როგორც მეზობელ აზერბაიჯანში და სომხეთში, ასევე რუსეთის, ირანის და ევროპის მიმართულებებით, თემის მასშტაბურობიდან გამომდინარე მხოლოდ ერთ ქვეყანაზე მოვახდენთ ფოკუსირებას, კერძოდ - თურქეთზე.

მნიშვნელოვან დაბრკოლებებს აწყდებიან ქართველი გადამზიდავები თურქეთის ტერიტორიაზე გადაზიდვების განხორციელებისას, პრობლემა იწყება სარფში, სადაც თურქულ მხარეს არსებული, გაჭიანურებული სასაზღვრო - საბაჟო პროცედურების გამო, ხშირ შემთხვევებში, ქართულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს 4 დღიანი შეყოვნება უხდებათ, მოლოდინის რეჟიმში, დამატებით სარფში არსებულ სადგომზე, სადაც მძღოლებისათვის ჰიგიენური პირობები არ არსებობს. საზღვრის გადაკვეთის მოლოდინში, სარფის გამშვებ პუნქტში, არსებული რიგი საქართველოდან თურქეთის მიმართულებით, მოწესრიგებულია, ხოლო უკანა მიმართულებით ხშირია შემთხვევები, როდესაც დადგენილი რიგის ავლით, არაოფიციალური 100 – 150 ლირის გადახდის პირობებში, თურქეთის მხარის წარმომადგენლები ატარებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რაც პირველ რიგში, ქართველი გადამზიდავის მიმართ, უსამართლობის განცდას ტოვებს.

დამატებითი წინააღმდეგობები იწყება უშუალოდ საბაჟო - სასაზღვრო პროცედურების გავლისას, პირველ რიგში, იმ მოტივით, რომ არ მოხდეს თურქეთის ტერიტორიაზე ქართველი გადამზიდავის მიერ საწვავის რეალიზება, თურქულ მხარეს დაწესებული აქვს შეზღუდვა - საწვავის ავზით 550 ლიტრის შეტანის თაობაზე, (რათა აიძულონ ქართველი მეწარმე დაიმატონ თურქეთის ტერიტორიაზე ძვირადღირებული საწვავი), უშუალოდ თურქული ავტოტრანსპორტი საწვავს განსხვავებული ფასით, მათთვის განკუთვნილ თავისუფალ ზონებში იმარაგებს. ზედმეტი საწვავის არსებობის პირობებში ხდება ქართველი გადამზიდავის დაჯარიმება. მეზობელი ქვეყნის მიმართ საქართველოს მხრიდან საწვავთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს.

საზღვარზევე ხდება, ვეტერინარული ან ფიტოსანიტარული მომსახურებისათვის 50 - 100 ევროს გადახდა, რაც თურქული მხარის განმარტებით ექიმის მომსახურების ღირებულებას შეადგენს.

თურქეთის მხარე, დამატებით მის ნებისმიერ საზღვარზე მათ შორის სარფში ახორციელებს ტრანსპორტის აწონვას რომლის ღირებულება 25 ლირას შეადგენს (მნიშვნელოვნად გაძვირდა ადრე 6 ლირას შეადგენდა), აწონვის პრაქტიკა მისაღები იქნებოდა, (თუმცა ქართული მხარე საერთოდ არ აწარმოებს აწონვას საზღვარზე და თურქ გადამზიდავს არ ახდევინებს არანაირ საფასურს, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას) იმ ვითარებაში თუ მხოლოდ ერთ საზღვარზე, თუნდაც შესვლისას, მოხდებოდა აწონვა, მაგრამ თურქული მხარე ორჯერ ახორციელებს აწონვას. მაგალითისთვის, როცა გადაზიდვა ხორციელდება ევროპის მიმართულებით, ქართველი გადამზიდავი იხდის საფასურს 25 ლირას როგორც შესვლისას - სარფში, ასევე გასვლისას ევროპის საზღვარზე კალიკულეში, ანუ აწონვის ღირებულება ჯამში 50 ლირა გამოდის.

ქართველი გადამზიდავის მიმართ ყველაზე დამამცირებელ გადასახადს წარმოადგენს, ევროპიდან საქართველოს მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის შემოწმება. ე.წ. „დოსმოტრი“, როდესაც იმ მოტივით რომ თურქეთში არ შევიდეს აღურიცხავი საქონელი, ხდება სატრანსპორტო საშუალების გახსნა და თანმდევ დოკუმენტაციასთან შედარების მიზნით, ტვირთის გადათვლა, ეს ოპერაცია ხორციელდება ქართველი მეწარმის ფინანსური ხარჯებით, რაც 900 ლირას შეადგენს. ასეთი პროცედურის გატარების შემთხვევაში, კონკრეტული რეისის განხორციელებისას, ქართველი გადამზიდავი ავტომატიურად წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდება, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს კანონმდებლობითაც ხდება ტვირთების შემოწმება, მაგრამ ეს ღონისძიება ხორციელდება სახელმწიფოს და არა მეწარმის სახსრებით.

სასაზღვრო გასასვლელებზე აუცილებელი მოთხოვნაა, მესამე პირის დაზღვევის შეძენა „სიკურტა“, რომლის ღირებულება, მაგალითისათვის, სამთვიანი პერიოდისათვის 760 ლირას შეადგენს, (ანალოგიური დაზღვევა საქართველოს საზღვრებზე ორი თვეა რაც ამოქმედდა და მნიშვნელოვნად ნაკლებია თურქეთის დაზღვევასთან შედარებით).

დაუსაბუთებლად მაღალ გადასახადს წარმოადგენს „ტრანზიტის გადასახადი“ რომლის ღირებულება 113 აშშ დოლარს შეადგენს, რომელსაც, მხოლოდ ქართველი ავტოსატრანსპორტო საშუალებები იხდიან, რომლებიც გადაზიდვას ახორციელებს, როგორც ერთჯერადი ისე მრავალჯერადი ნებართვებით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ გადასახდის დაწესება თავის დროზე „ინსპირირებული“ იქნა ქართული მხრის მიერ, როდესაც, დაწესებული იქნა, საქართველოს გზებზე ტრანზიტულ რეჯიმში მოძრავი თურქული მანქანებისათვის 200 ლარიანი - გზით სარგებლობის გადასახადი, შესაბამისად, თურქულმა მხარემ დოლარის კურსის მაშინდელი კურსით დააწესა ანალოგიური გადასახადი 113 (დღევანდელი კურსით 280 ლარი) დოლარი, პრაქტიკულად დაზარალდა ქართველი გადამზიდავი რომელსაც დღეს უწევს 80 ლარით მეტი (გადასახადის გადახდა 282 – 200 =80 ლარი).

თურქული მხარის მიერ დაწესებულ 113 დოლარიან „ტრანზიტის გადასახადს“, იმ შემთხვევში ექნებოდა გამართლება, თუ ქართველი გადამზიდავი, თურქეთის ტერიტორიაზე „ტრანზიტის გადასახადის“ გარდა არ გადაიხდიდა, დამატებით გზით და ხიდებით სარგებლობის გადასახადს, რადგანაც თურქი გადამზიდავი, საქართველოს ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურის გამოყენების 200 ლარიანი მოსაკრებლის გარდა არანაირ დამატებით გადასახადს არ იხდის. მაგრამ, ქართველ გადამზიდავ მეწარმეს უხდება თურქეთის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურით მათ შორის ხიდებით სარგებლობის გადასახადის გადახდა, ცალი მიმართულებით 450 ლირას შეადგენს, ჯამში ორივე მიმართულებით 900 ლირას. მათ შორის ბოსფორის ხიდით სარგებლობის გადასახადი 144 ლირიდან 156 ლირამდე გაიზარდა. რაც არამიმზიდველს ხდის ევროპის მიმართულებით ტვირთების ტრანსპორტირებას. ყოველივე ამას ემატება ტირპარკინგებზე (სპეციალური სადგომი) სავალდებულო გადასახადი 25 ლირა, როგორც სარფში ასევე კალიკულეში (თურქეთ/ბულგარეთის საზღვარი) - ჯამში 50 ლირა.

ქართველი მძღოლების განმარტებით, გარკვეულ უკმაყოფილებას იწვევს, თურქეთში ჩვენი საელჩოს ინერტული დამოკიდებულება, ამ და ანალოგიურ ფაქტებზე. როდესაც ანალოგიურ მდგომარეობაში თურქეთის საელჩო ოპერატიულად მოქმედებს და იცავს თურქი გადამზიდავების ინტერსებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ქართული მხარე გარდა გზით სარგებლობის 200 ლარიანი გადასახადისა და ახლად ამოქმედებული დაზღვევისა, თურქ გადამზიდავებს არ ახდევინებს არანაირ სხვა დამატებით გადასახადს, იმ ვითარებაში როცა საავტომობილო გადაზიდვების სფეროში, თუნდაც ირანის სტრატეგია, გადასახადების კუთხით, მეზობელი თურქეთისადმი არის ადეკვატური, კერძოდ, თურქი გადამზიდავი ირანის ტერიტორიაზე იხდის იმდენს რამდენსაც ირანელი გადამზიდავი თურქეთის ტერიტორიაზე, ერთი შეხედვით, ქართული მხარის „ლიბერალურ“ უფრო მეტიც, დამთმობ პოზიციას გააჩნია დადებითი ეფექტი, რადგანაც ყოველწლიურად იზრდება ტვირთნაკადი მაგრამ, ეს ხორციელდება უსაფრთობის სტანდარტების და საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანების ხარჯზე. აუცილებელი იქნება ამ მიმართულებით, სახელმწიფოს გააქტიურება და უცხოეთში ქართველი გადამზიდავის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით, გარკვეული „თანაბარი მიდგომის“ პრინციპის ამოქმედება. „რამდენსაც მახდევინებ მე იმდენს იხდი შენ“.

იმ პირობებში, როცა ქართველ გადამზიდავს, მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე, უხდება არაადეკვატური (გაზრდილი გადასახადები, მათ შორის არაოფიციალური, გართულებული საბაჟო პროცედურები და ა.შ) გადასახადების გადახდა და ამასთან მეზობელი ქვეყნების გადამზიდავები არ იხდიან საქართველოს ტერიტორიაზე ანალოგიურ გადასახადებს - სახეზეა, დისკრიმინაციული მიდგომები, ქართველი გადამზიდავის (საავტომობილო გადამზიდავი საშუალო მეწარმე სუბიექტს განეკუთვნება) მიმართ, შედეგად ქართველი გადამზიდავი ნაკლებად კონკურენტუნარიანი ხდება საერთაშორისო ბაზარზე და ძალაუნებურად ხდება მისი გამოდევნა საერთაშორისო ბაზრიდან და გადმორთვა შიდა ბაზარზე, სადაც მწირი ეკონომიკური აქტივობის გამო, მისი პერსპექტივა - შემდგომი საქმიანობის შეჩერებაა.

საერთაშორისო გადაზიდვებში კი ქართველი გადამზიდავის ადგილს მყარად იკავებს თურქი გადამზიდავი, რომელიც ქართული კანონმდებლობის სრული დაცვით, თურქეთში დაბალი საბანკო საპროცენტო განაკვეთით, შეძენილ თანამდეროვე ევრო 5 - 6 ტიპის, ავტოსატრანსპორტო საშუალებას არეგისტრირებს საქართველოში, ოფიციალურად, დადგენილი პირობების სრული დაცვით იღებს ქართველი გადამზიდავისათვის, ქვოტით გამოყოფილ მრავალმხრივ ნებართვას და იწყებს გადაზიდვების შეუზღუდავად განორციელებას.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, სასაზღვრო - საბაჟო პროცედურების გამარტივების, ქართველი გადამზიდავებისათვის სანებართვო სისტემის მოწესრიგების, ტრანსპორტის ამ სფეროში ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული დირექტივების და უსაფრთხოების კუთხით, სათანადო რეგლამენტების დანერგვის მიმართულებით, ქართველი გადამზიდავის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრების, მათი უფლებების დაცვის და განახლებული ავტოპარკის შემოყვანის ხელშეწყობის კუთხით, საქართველოს ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება ესაჭიროება“, - აღნიშნულია ტრანსპორტის საკითებზე მომუშავე პლატფორმის განცხადებაში.

ამასთან, „HUB Georgia”-ის ინფორმაციით, საავტომობილო გადაზიდვების საკითხებზე კვლევებს ატარებენ, რომლის შედეგებიც უახლოეს მომავალში საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება. ასევე, ორგანიზაციის ექსპერტები და მკვლევარები ინტენსიურად ხვდებიან ადგილობრივ გადამზიდავ კომპანიებს, ახდენენ პრობლემების იდენტიფიცირებას, რის შემდეგაც დაიწყება საავტომობილო გადაზიდვების სფეროში რეფორმების ადვოკატირების კამპანია.