სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ფონდს ქმნის - სააქციო საზოგადოება სინერჯის კაპიტალის პარტნიორები დაინტერესებულ ადამიანებს დაეხმარება მიიღონ მეტი სარგებელი ისეთი ორგანიზაციების კაპიტალში ინვესტირებით, რომელსაც განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. სტატიაში მოთხრობილია ფონდის შექმნის მოტივები და სამომავლო გეგმები.
რაც უფრო ასაკში შედის ადამიანი, ერთი მხრივ მით უფრო დიდია მისი გამოცდილება იმ სფეროში, რომელშიც მუშაობს და მეორე მხრივ უფრო ნაკლები დრო რჩება ამ გამოცდილების საკუთარი მიზნებისთვის გამოსაყენებლად.
20 წლის წინ ერთი დიდი ბანკის ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელად ვმუშაობდი, და მახსოვს როგორი პრობლემები შეუქმნეს 40-მდე წლის ჩემს კოლეგას, რომელიც პარალელურ სამსახურს ხელძღვანელობდა, და რომლის მუშაობის ხარისხიც რატომღაც ბანკის მაშინდელმა ხელმძღვანელებმა არადამაკმაყოფილებლად მიიჩნიეს. მას ჯერ დიდი სამსახური ჩააბარეს სამართავად და მერე მალევე მოედავნენ, რომ სათანადოდ ვერ უძღვებოდა საქმეს. ცოტა ხანში სამსახურის რეორგანიზაცია მოახდინეს და ორი მცირეწლოვანი შვილის მამა საერთოდ სამსახურის გარეშე დარჩა.
იმ დროს 40 წლის მამაკაცის, მშობლების ერთადერთი მარჩენალის, ორი შვილით და უმუშევარი მეუღლით, სამსახურის გრეშე დატოვება სერიოზული პრობლემა იყო მისთვისაც და მისი ახლობლებისთვისაც. არადა მისი გამოცდილება ფინანსების დაგეგმვასა და მართვაში, მართლა ძალიან დიდი იყო, მაგრამ იმ რეალობაში და იმ როლში, რაც სულ ცოტა ხნის წინ ჩააბარეს რატომღაც ჩათვალეს, რომ აღარ იყო ბანკისთვის საჭირო.
მახსოვს მიუხედავად იმისა, რომ 23 წლის ვიყავი და ერთ-ერთ წამყვან სამსახურს ვხელმძღვანელობდი ამ ისტორიამ ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. ჩემი ბანკიდან წამოსვლის და საკუთარი საქმის დაწყების გადაწყვეტილება დიდწილად სწორედ ამ ისტორიით იყო განპირობებული მაშინ. მივხვდი, რომ რაც უფრო დავაგვიანებდი ამ ნაბიჯის გადადგმას უფრო ძნელი გახდებოდა მერე ამის გაკეთება. მეორე მხრივ სულ უფრო გაიზრდებოდა იმის რისკი, რომ მეც იგივე შეიძლება დამმართვოდა იქ, და ჩემთვისაც არანაკლებ რთული იქნებოდა მერე ბანკიდან წამოსვლით ან გამოშვების გამო წარმოქმნილი სირთულეების გადალახვა.
მე კი წამოვედი მაშინ და ვთვლი, რომ კიდევ ერთ გადაწყვეტილებასთან ერთად ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ბევრი ჩემი მეგობარი დარჩა, ვერ გარისკეს, ვერც მოიფიქრეს რა შეიძლება გაეკეთებინათ სხვა. მაშინ ბანკში მუშაობა, თანაც ერთ-ერთ წამყვან ბანკში, პრესტიჟულიც იყო და ძალიან მაღალანაზღაურებადიც. მათმა მცირე ნაწილმა კარგი კარიერა გაიკეთა და გარკვეული კაპიტალიც დააგროვეს, მაგრამ უმეტესობა შუა რგოლში გაიჭედა სამწუხაროდ და დღეს იმავე რისკის წინაშე დგანან ალბათ რასაც მე გამოვექეცი მაშინ, ასე შეშინებული. არადა რამდენი ორგანიზაციისთვის შეიძლება დღეს შეუცვლელი და შეუფასებლად ღირებული იყოს მათი ცოდნა და გამოცდილება.
დღეს ალბათ რამდენიმე ათეული ათასია ასეთი ადამიანებისა, ვინც 35 წელს გადააბიჯა, გამოცდილება ცოდნა კავშირებიც დააგროვა, კეთილდღეობის გარკვეულ დონეს მიაღწია, ქონებაც დააგროვა და გარკვეული დანაზოგებიც, მაგრამ სულ უფრო მეტად ფიქრობს და ეჭვობს იმაზე - არის თუ არა ეს ყველაფერი მისი ბედნიერი, უზრუნველი სიბერის გარანტია, უზრუნველყოფს თუ არა შვილებს და ოჯახს აუცილებლით უმუშევრად დარჩენის ან საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, და ხომარ კარგავს საკუთარი თავისთვის და ოჯახისთვის უფრო მეტის გაკეთების და დატოვების შესაძლებლობას.
ჩვენ მათთვის ახალი საქმე წამოვიწყეთ - "სინერჯის კაპიტალის პარტნიორები" დავარქვით და გადავწყვიტეთ რაც შეიძლება მეტს ამ ადამიანებს შორის მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ სამსახურიდან წამოსვლის გარეშე შეიქმნან დამოუკიდებლობის, კეთილდღეობის, მეტი თვითრეალიზების შესაძლებლობები. იფიქრონ და იზრუნონ იმაზე, რომ დივერსიფიცირებული, მზარდი ღირებულების კაპიტალი შექმნან სინერჯისთან ერთად. საკუთარი ცოდნა, გამოცდილება და კავშირები, დაგროვილი ფინანსური რესურსები გამოიყენონ იმისთვის, რომ ბევრად მდიდრები და უზრუნველყოფილები გახდნენ თვითონაც და მათი ოჯახების და ახლობლებისთვისაც კეთილდღეობის და დაცულობის მეტი გარანტიები შექმნან.
ჩვენ, სინერჯი ჯგუფს, გვინდა მოვიძიოთ ეს ადამიანები ჩვენი კაპიტალის, ჩვენი პროექტების თანამონაწილეებად ვაქციოთ, მათთან ერთად მოვიფიქროთ და განვახორციელოთ ბევრი ისეთი პროექტი, რომელიც დიდ, განსაკუთრებულ ღირებულებას შექმნის საზოგადოებისთვის, მათთვის და სინერჯისთვისაც რა თქმა უნდა.
სწორედ ამ ორგანიზაციის ამბავი იქნება მეორე ისტორია, რომელსაც ნელ-ნელა, მოვლენების განვითარების პარალელურად მოგიყვებით. ჩვენთან ერთად ნახავთ როგორ დაიბადება, საიდან დაიწყებს, რა გამოუვა და რა არა, რა ამოცანების წინაშე დადგება, რომლების გადაწყვეტას შეძლებს და რომლებისას ვერ, რას ისწავლის და როგორ განვითარდება. ვნახავთ პროექტებს, რომლებსაც განვახორციელებთ ერთად და შედეგებს, რომლებსაც აქედან გამომდინარე ერთად მივიღებთ. დარწმუნებულები ვართ დღეს, რომ ეს ისტორია გრძელვადიანი, ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი ეპიზოდებით სავსე იქნება.
არაფერს სხვას, მხოლოდ ორგანიზაციებს შეუძლიათ გაზარდონ თვითონ, საკუთარი ღირებულება საკუთარი ძალისხმევის და მონდომების ხარჯზე. თანაც გაზარდონ არა 10-20%-ით წელიწადში, არამედ 10-ჯერ ან 1000-ჯერაც, გააჩნია საიდან დაიწყებენ და რა ნაბიჯებს გადადგამენ ამისთვის. ყველაზე კარგი პროდუქტი, რომელიც შეიძლება იყიდო და მერე მალე გამდიდრდე ამ პროდუქტის სწრაფი და რადიკალური გაძვირების, ღირებულების გაზრდის გამო, სწორედ ორგანიზაციაა, თუ მას სწორად იპოვი, კარგად შეაფასებ, კარგი პირობებით იყიდი მთლიანად ან საკმარის ნაწილს, მერე სწორ ნაბიჯებს გადადგამ რომ მას ამ ღირებულების რადიკალურად და სწრაფად გაზრდაში დაეხმარო. ჩვენ, სინერჯი ჯგუფს, ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე ძალიან ბევრ ასეთ ორგანიზაციასთან გვიწევდა და გვიწევს ურთიერთობა, ჩვენ მათ როგორც ვახერხებთ სწორედ საკუთარი ღირებულების გაზრდაში ვეხმარებით. ათეულობით ორგანიზაციამ გასულ წლებში ჩვენი მონაწილეობით რამდენიმე ათეულჯერ, თუ ასეულჯერ ან ათასეულჯერ არა, გაიზარდა მასშტაბიც და ღირებულებაც (ჩვენი კლიენტები) .
ჩვენი კლიენტების უდიდესი ნაწილი, თუ ყველა არა, ძალიან ძლიერი და დიდი ორგანიზაციები არიან. ბევრი მათგანი ასეთად სწორედ იმ წლებში იქცა, რაც ჩვენ მათთან ერთად ვმუშაობთ. ვთვლით, რომ ისინი იმიტომ კი არ არიან წარმატებულები, რომ ჩვენ მათ ამაში დავეხმარეთ, არამედ იმიტომ მოვიდნენ ჩვენთან, რომ ხედავდნენ განვითარების აუცილებლობას, და ყველაფერს რომ აკეთებდნენ ამისთვის იმიტომაც განვითარდნენ.
ისინი დღესაც მოდიან ჩვენთან და ზრდაში და განვითარებაში დახმარებას გვთხოვენ. მათ ხშირად ზრდის საჭიროებიდან გამომდინარე ძალიან სჭირდებათ ფულადი კაპიტალიც და გამოცდილი და მცოდნე ადამიანების მხრიდან კვალიფიციური მეთვალყურეობაც, რომ უზრუნველყონ ამ კაპიტალის და მიცემული რეკომენდაციების სწორად და დროულად გამოყენება.
სწორედ ამის საკეთებლად გადავწყვიტეთ ჩვენი ახალი ორგანიზაციის შექმნა. "სინერჯის კაპიტალის პარტნიორები" უნდა შეეცადოს სინერჯი ჯგუფის კლიენტებიდან განსაკუთრებული პოტენციალის მქონეებს საჭირო სამუშაო და განვითარების კაპიტალიც მისცეს და ისეთი ადამიანები შემოუკრიბოს გარშემო, რომლებიც არამარტო მათი თანამფლობელები, არამედ კვალიფიციური მეთვალყურეებიც გახდებიან, მინიმუმ აქტიური ზრდის წლებში და ერთობლივი სურვილის შემთხვევაში შემდეგაც. ბევრი ჩვენი კლიენტი კიდევ უფრო სწრაფად და კიდევ უფრო მეტად გაიზრდებოდა ჩვენ რომ გასულ წლებში ასეთი ფონდი შეგვექმნა და ძირითად პარტნიორად გვყოლოდა კაპიტალში იმ კომპანიებში, ვისთანაც ვმუშაობდით ამ წლების მანძილზე და ვისაც ასეთი მხარდაჭერა ჰაერივით და წყალივით სჭირდებოდა.
ცუდი მფლობელების გაშვება, ახალი კაპიტალის დამატება, ახალი ადამიანების სამეთვალყურეო საბჭოებში შეყვანა ბევრი ორგანიზაციისთვის გახდებოდა გაცილებით უკეთესი შედეგების მიღების წინაპირობა. ასევე ყველა, ვინც ამას გააკეთებდა მაშინ ჩვენთან ერთად დღეს ძალიან ძლიერი და მდიდარი კომპანიების თანამფლობელები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები იქნებოდნენ. ბევრ ადამიანს ექნებოდა საშუალება საკუთარი დამქირავებლისთვის ეთქვა, რომ მათ სინერჯისთან ერთად საკმარისი ღირებულების, დივერსიფიცირებული და შემოსავლიანი პორტფელი შექმნეს იმისთვის, რომ აღარ იმუშაონ უბრალოდ დაქირავებულ თანამშრომლად, მშვიდად წამოვიდნენ სამსახურებიდან და საკუთარი კაპიტალის კიდევ უფრო გაზრდაზე დაკონცენტრირდნენ.
ჩვენ გადავწყვიტეთ დღეიდან მაინც გავუკეთოთ ეს შეთავაზება ჩვენს ახლობლებს, ჩვენს მეგობრებს, ყველას, ვინც გვიცნობს და ვისაც ჩვენი სჯერა - გახდნენ ჩვენი ახალი ორგანიზაციის აქციონერები, ობლიგაციების მფლობელები, კრედიტორები. ერთად გავუკეთოთ კაპიტალის შეთავაზება სინერჯი ჯგუფის კლიენტებს და მათი ექსპერტიზაც და მათი კაპიტალიც ამ ორგანიზაციების კიდევ უფრო სწრაფი ზრდის სამსახურში ჩავაყენოთ. დარწმუნებულები ვართ ეს შეთავაზება ერთი მხრივ ბევრ ადამიანს დაეხმარება ისე, რომ არ მოწყდეს საკუთარ სამსახურს და მეტი დამოუკიდებლობა და კეთილდღეობა მოიპოვოს, მეორე მხრივ ბევრი ჩვენი კლიენტი ამ კაპიტალს და ამ მეთვალყურეობას საკუთარი წარმატების უფრო მყარ გარანტიად აქცევს.
დღეს, ჩვენ ამ ორგანიზაციის შექმნას აქციების გამოშვებით და გაყიდვების დაწყებით ვიწყებთ, ვეცდებით რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემოვიკრიბოთ და ფინანსური რესურსები მოვაგვროვოთ, პარალელურად ამ სახსრებით ჩვენს კლიენტებთან კაპიტალში მონაწილეობაზე მოლაპარაკებებს დავიწყებთ და სამეთვალყურეო საბჭოების დაკომპლექტებას შევუდგებით ყველგან, სადაც ამის მზაობას დავინახავთ არსებული მეპატრონეების და მენეჯერების მხრიდან. ვინ იქნებიან ეს ორგანიზაციები, როგორი ადამიანები გამოთქვამენ სინერჯის კაპიტალის პარტნიორობის სურვილს, როგორ განვითარდება მათთან თანამშრომლობა და რა შედეგებს მოიტანს ეს, ამაზე დეტალურად ამ ისტორიის შემდეგ სტატიებში მოგითხრობთ.
***
არიან ადამიანები, მეტად რისკიანები და ნაკლებად რისკიანები, არიან ვინც ბედავს გადაწყვიტოს და იმოქმედოს და არიან ვინც არ და ვერ აკეთებს ამას, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ხვდებიან რომ მეტი პასუხისმგებლობა მეტ გამბედაობას და მეტი რისკების აღებას ითხოვს. ეს ადამიანები კიარ გაურბიან, არამედ რაციონალურად წონიან რისკებს და ცდილობენ ის სწორი ჩართულობით მართონ და აკონტროლონ. წარმატებას აღწევენ არა ისინი, ვინც არ რისკავენ, და საბოლოოდ ვერც ისინი, ვინც სულ დიდ რისკზე მიდიან. წარმატებას აღწევენ მხოლოდ ისინი, ვინც გააზრებულად, გამოზომილად იღებენ რისკს, ხვდებიან, აფასებენ და ცდილობენ მართონ ეს რისკები და არა აიცილონ. სწორედ რისკის რეალიზაციით გამოწვეული დანაკარგის აცილებაა ხომ მთავარი და არა რისკის აცილება, რომლის გარეშეც რაიმე ნებისმიერი შედეგის მიღება თითქმის შეუძლებელია.
ავტორი: პაპუნა ტოლიაშვილი, სინერჯი ჯგუფის მმართველი პარტნიორი
(R)