ევროკავშირი განიხილავს აშშ-ს შესთავაზოს გეგმა ჩინეთის სავაჭრო პოლიტიკის წინააღმდეგ ერთობლივად მოქმედების შესახებ, სანაცვლოდ კი რამდენიმე კვირის წინ ალუმინზე და რკინაზე დაწესებული გადასახადების გაუქმებას ითხოვს.
ამის შესახებ წერია ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის სტატიაში.
გამოცემის წყაროს განცხადებით, აღნიშნული წინადადება შესაძლოა, შეფასდეს როგორც „ტრანსატლანტიკური სავაჭრო-საინვესტიციო პარტნიორობის“ გამარტივებული ვარიანტი, რომელზეც მოლაპარაკებები ჯერ კიდევ თეთრი სახლის ყოფილი ადმინისტრაციის დროს დაიწყო, თუმცა ვერ დასრულდა. ევროკავშირში ფიქრობენ, რომ აღნიშნული გეგმა ხელს შეუწყობს თეთრ სახლთან არსებული სავაჭრო ეკონომიკური კონფრონტაციული პოლიტიკის დასრულებას. მასზე მუშაობა გერმანიის ინიციატივით დაიწყო, რომელიც ყველაზე მეტად უფრთხის ამერიკასთან „სავაჭრო ომს.“
წარმოდგენილ გეგმაში წინადადებებს შორის საუბარია ძალების გაერთიანებაზე, რათა ერთობლივად აღუდგნენ წინ ჩინეთის მხრიდან არაკეთილსინდისიერ სავაჭრო პრაქტიკას. მისი ამოქმედება კი შესაძლებელია განხორციელდეს მსო-ს ფარგლებში და ასევე ევროპელ ხელისუფალთა მხრიდან პეკინზე წნეხის გაზრდის პირობებში. „რაც შეეხება ჩინეთს, ჩვენ ვეთანხმებით აშშ-ს იმასთან დაკავშირებით, რომ არის პრობლემა და ჩვენ ამ მეთოდებს არ ვეთანხმებით“ - მოჰყავს გამოცემას ერთ-ერთი ევროპელი დიპლომატის სიტყვები ევროკავშირის წინადადებებს შორის შესაძლოა, ასევე მოხვდეს გადასახადების დაწევა ამერიკაში წარმოებულ ავტომობილებზე, მაკომპლექტებლებზე, სამრეწველო დანადგარებზე, ასევე სოფლის მეურნეობისა თუ ფარმაცევტულ პროდუქციაზე. ამასთან, ევროპელმა მაღალჩინოსნებმა შესაძლოა, სთხოვონ ვაშინგტონს ევროპული კომპანიების წვდომა ამერიკის სახელმწიფო შეკვეთებზე.
შეგახსენებთ, 23 მარტიდან აშშ-მ იმპორტირებულ რკინაზე 25%-მდე და 10%-ით ალუმინზე გაზარდა გადასახადები. ის ყველა ქვეყანაზე მოქმედებს, თუმცა ავსტრალიისთვის, ბრაზილიისთვის, კანადისა და მექსიკისთვის, ასევე კორეისთვის და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის პირველ მაისამდე გადავადდა.
კოკა კვირკველია