ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე მსოფლიო ტურნეს საქართველოდან დაიწყებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გუშინ პრესკონფერენციაზე განუცხადა.
კომპოზიტორი საქართველოში “ჩექინ ჯორჯიას” ფარგლებში ჩამოვა და მისი კონცერტი “ბლექსი არენაზე” გაიმართება. ენიო მორიკონე კონცერტს რომის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამართავს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლის იუბილეს ეძღვნება.
19 მაისს დაგეგმილი კონცერტი მაესტროს მოღვაწეობის 60-წლიანი იუბილის ფარგლებში მიმდინარე მსოფლიო ტურნეს ნაწილია. აღსანიშნავია, რომ მაესტრო მორიკონე პირადად უდირიჟორებს ორკესტრს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ოპერის გუნდი 70-კაციანი შემადგენლობით.
მორიკონემ მრავალწლიანი წარმატებული კარიერის განმავლობაში 600-ზე მეტი მუსიკალური ნაწარმოები შექმნა. აქედან 500-ზე მეტი კინოსა და ტელევიზიისთვის. კომპოზიტორს ეკუთვნის ბრწყინვალე საუნდტრეკები ისეთი ფილმებისთვის, როგორიც არის “ერთხელ ამერიკაში”, “მისია”, “ხელშეუხებელნი”, “ერთი მუჭა დოლარისთვის” და სხვა. მაესტროს მიერ შექმნილი მუსიკა ფილმისთვის “კარგი, ცუდი, ბოროტი” მსოფლიოს საუნდტრეკების ორასეულშია შესული.
ენიო მორიკონეს კონცერტის ბილეთების გაყიდვა საიტზე tkt.ge 20 აპრილიდან დაიწყება. რაც შეეხება ბილეთის ფასს, მისი ღირებულება 60 ლარიდან დაიწყება და 300 ლარამდე ეღირება.