ირაკლი ღარიბაშვილი : ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველო ისევ ლიდერის პოზიციაზეა

მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ბიზნესის კეთების 2014 წლის რეიტინგში საქართველო ისევ ლიდერის პოზიციაზეა.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველო მოწინავე პოზიციებზეა ბიზნესის დაწყების, მშენებლობის ნებართვის გაცემის, ქონების რეგისტრაციის, ასევე ინვესტორთა უფლებების დაცვის კუთხით.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, გასული პერიოდის განმავლობაში განხორციელდა მნიშვნელოვანი პროგრამები, რომლებსაც უკვე მოჰყვა პირველი კონკრეტული შედეგები, პერსპექტივა კი გაცილებით დიდია.

"წინა შეხვედრის შემდეგ პრაქტიკულად განახევრდა ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს წარმოებაში არსებული საქმეების რაოდენობა. რაც შეეხება საგარეო სავაჭრო ბრუნვას, 2014 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3 მილიარდ 441 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 14%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი 19%-ით არის გაზრდილი, ხოლო იმპორტი 13%-ით გაიზარდა", - აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, მისივე თქმით, 2014 წლის პირველი კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 7,4 პროცენტი შეადგინა.

"მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ბიზნესის კეთების 2014-ის რეიტინგში საქართველო ისევ ლიდერის პოზიციაზეა - 189 ქვეყანას შორის მე-8 ადგილზეა", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, შემუშავებულია და მალე მთავრობა განიხილავს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას - საქართველო 2020, რომლის ძირითადი მიზანია ყოვლისმომცველი (ინკლუზიური) ეკონომიკური ზრდა.

პრემიერის განცხადებით, სტრატეგიის მთავარი მიმართულებებია კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ადამიანური რესურსების განვითარება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა.

მისივე თქმით, მთავრობამ პრიორიტეტებად დასახა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავება და ინდუსტრიული პროდუქტის წარმოება. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეს პროგრამა მოიტანს ახალ სამუშაო ადგილებს, დამატებით შემოსავლებსა და ხალხის მატერიალურ კეთილდღეობას.

"პროგრამის განხორციელებისათვის, პირველ ეტაპზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა 46 მილიონი ლარი. თქვენ იცით, რომ სულ მალე ჩვენ ხელს მოვაწერთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით. ამ სივრცის ფორმირება ეტაპობრივად გაუხსნის გზას ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის შიდა ბაზარზე. ეს იქნება დამატებითი სტიმული ჩვენი ბიზნესმენებისათვის და მეწარმეებისათვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მზად ვიყოთ ევროპულ ბაზარზე ჩვენი პროდუქციის გასატანად. ამ პროცესში, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია თქვენი ინტერესების გათვალისწინება და დაცვა, რადგან ევროპული ბაზარი იხსნება თქვენთვის, სწორედ თქვენ უნდა ისარგებლოთ ამ ბაზრით", - მიაჩნია საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

მისივე აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მოქმედი ბიზნესსუბიექტები ჩართული იყვნენ ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაში, იმისათვის, რომ ადგილობრივი წარმოების ინტერესებისა და ქვეყანაში არსებული ვითარების გაუთვალისწინებლად არ მოხდეს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში მაღალგანვითარებული ევროპული ქვეყნების კანონმდებლობის და სტანდარტების კოპირება.

"სასიკეთო ცვლილებებზე როცა ვლაპარაკობთ, აქვე არ შეიძლება არ ვთქვათ, რომ ჯერ კიდევ არსებობს პრობლემური საკითხები, რომელთა გადასაჭრელადაც მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუშაობს. შევეხები ზოგიერთ მათგანს. განვლილი თვეების პრაქტიკამ აჩვენა, რომ კვლავ პრობლემად რჩება საგადასახადო ადმინისტრირების ზოგიერთი საკითხი. ადგილობრივი მწარმოებლებისათვის ჯერ კიდევ ვერ გადაიჭრა საწარმოო და ბუნებრივი დანაკარგების ნორმების დადგენის პრობლემა. გარდა ამისა, მიუხედავად წინგადადგმული ნაბიჯებისა, დახვეწა სჭირდება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავების განხილვის მექანიზმებს, რომლებიც უფრო ეფექტიანი უნდა გახდეს. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების შეცვლა ხანგრძლივ მუშაობას და სისტემურ მიდგომას საჭიროებს. მეგობრებო, ჩვენ წინაშე კვლავ დიდი გამოწვევებია, რომელთა დაძლევა მთავრობისა და ბიზნესის ერთობლივი ძალისხმევითა და კოორდინირებული მუშაობით გაცილებით ეფექტიანად შეიძლება. მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლება მუშაობს საგადასახადო კანონმდებლობაზე. იმედი მაქვს, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ გვექნება ისეთი საგადასახადო კანონმდებლობა, რომელიც იქნება საუკეთესო, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი მონაწილეობა, თქვენი როლი ჩვენი ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური აღმავლობის პროცესში. მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩვენი მთავრობის მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობისათვის. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს. მერწმუნეთ, ხელისუფლება ითვალისწინებს თქვენს მოსაზრებებს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.