2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 823.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 23.3 პროცენტით მეტია , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს.
უწყების წინასწარი მონაცემებით, აქედან ექსპორტი 740.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (28.4პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 083.4 მლნ აშშ დოლარს (21.6 პროცენტით მეტი).
რაც შეეხება საქართველოს უარყოფით სავაჭრო ბალანსს, 2018 წლის იანვარ-მარტში 1 343.1 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.6 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 554.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 18.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
მათივე ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 820.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 27.6 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 209.4 მლნ აშშ დოლარი იყო (31.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 610.7 მლნ აშშ დოლარი (26.4 პროცენტით მეტი).
როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 29.0 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 28.3 პროცენტი და იმპორტში 29.3 პროცენტი (2017 წლის იანვარ-მარტში შესაბამისად 28.1, 27.7 და 28.2 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 29.9 პროცენტი (2017 წლის იანვარ-მარტში 28.5 პროცენტი).
რაც შეეხება დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვას, საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-მარტში 976.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2017 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 30.0 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 303.0 მლნ აშშ დოლარი (48.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 673.9 მლნ აშშ დოლარი იყო (23.2 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 34.6 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 40.9 პროცენტი და იმპორტში 32.3 პროცენტი (2017 წლის იანვარ-მარტში შესაბამისად 32.8, 35.5 და 31.9 პროცენტი). 2018 წლის იანვარ-მარტში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 27.6 პროცენტი (2017 წლის იანვარ-მარტში 30.1 პროცენტი).
საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.1 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (404.6 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (311.1 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (270.2 მლნ აშშ დოლარი).
მათივე ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-მარტში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 118.8 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 16.0პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 85.1 მლნ აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 11.5 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 64.9 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8.8 პროცენტი შეადგინა.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2018 წლის იანვარ-მარტში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 186.9 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის აირების სასაქონლო ჯგუფი 127.4 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6.1 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 118.0 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 5.7 პროცენტი).