დარიალის ხეობაში გვირაბის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება

დარიალის ხეობაში გვირაბის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132 - კმ135 მონაკვეთზე, დაახლოებით, 2 კმ-იანი გვირაბის მშენებლობას ახორციელებს. მშენებლობა დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას მიმდინარეობს.

სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე - გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე ადგილზე გაეცნო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის გვირაბის გაყვანა უკვე დასრულებულია და კონტურების გამაგრებისა და გვირაბის მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, ხორციელდება მისასვლელი გზებისა და ყრილის მოწყობა.

„დარიალის ხეობაში ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამდენჯერმე განმეორდა, რაც საფრთხეს უქმნიდა ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას. ასევე, სტიქიის პერიოდში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა, რაც ქვეყნისთვის, საშუალოდ მილიონ ლარამდე დანაკარგი იყო ყოველდღიურად. გვირაბის აშენების შემდეგ, სრულად მოგვარდება არსებული პრობლემა და დარიალის ხეობაში გადაადგილება უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი. გვირაბის მშენებლობა, ასევე, აუცილებელია საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნებისთვის, ამ მიმართულებით ქვეყანას ექნება სტაბილური სატრანზიტო გზა“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს და მისი ღირებულება 51 892 174.44 ლარია. სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო და 2018 წლის ნოემბერში დასრულდება. პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 140 ადამიანი.