კომპანია „თბილისის მიკროავტობუსისგან“ არის დაპირება, რომ ზაფხულისთვის კონდიცირების საკითხის მოგვარებას უზრუნველყოფენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს კომუნიკაცია აქვთ „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელობასთან.
„რამდენიმე ხნის წინ დედაქალაქის მერმა დაავალა კომპანიას, რომ ზაფხულის პერიოდში უზრუნველყონ კონდიცირების პრობლემის გადაჭრა. ამასთან დაკავშირებით ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელობასთან ჰქონდათ კომუნიკაცია. მათგან არის დაპირება, რომ ზაფხულის პერიოდისთვის მაქსიმალურად უზრუნველყოფენ კონდიცირების საკითხის მოგვარებას. ჩვენ დავაკვირდებით და გამუდმებით გვექნება კომუნიკაცია. მონიტორინგს გავუწევთ, ინფორმაციას მივაწოდებთ კომპანიის ხელმძღვანელობას, რომელიც ალბათ თავის მხრივ შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს, - აცხადებენ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.
აღნიშნულთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსი“ „თბილისის მიკროავტობუსსაც“ დაუკავშირდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, კონდიცირების სისტემის გამართვის პროცესი მიმდინარეობს და ამ მიმართულებით, ყოველწლიურად 200 000 ლარამდე იხარჯება.