თბილისის მერია ბარათაშვილის აღმართისა და კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციას, ასევე ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობას ზაფხულში დაიწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, დედაქალაქში ამ მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები აქამდე არ განხორციელებულა.
"პეტრიწის ქუჩაზე დავიწყეთ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მიმდინარეობს კომუნიკაციების გამოცვლა, სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება. ჩვენთან ერთად მუშაობს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“. მოწესრიგდება ბორდიურები და გზაგამყოფები, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ფაქტობრივად, პარკინგისთვის იყო გამოყენებული. გამწვანდება ქუჩა და მოეწყობა ინფრასტრუქტურა ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის. ასევე ვაპირებთ ბარათაშვილის აღმართის სრულ რეაბილიტაციას, მალე დავიწყებთ ვაშლიჯვრის გადასასვლელი ესტაკადის მშენებლობას. ასევე დაგეგმილი გვაქვს კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაცია. ეს არის მასშტაბური პროექტები, რომლებსაც დავიწყებთ ზაფხულში, რომ ქალაქში კოლაფსი არ გამოვიწვიოთ",- განაცხადა კალაძემ.
ცნობისათვის, დედაქალაქის მერი კახა კალაძე დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. საბურთალოს რაიონში, პეტრიწის ქუჩის რეაბილიტაციას თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური თბილისის მასშტაბით გზების კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში ახორციელებს.
პროექტის მიხედვით, პეტრიწის ქუჩაზე ასფალტობეტონის საფარი, ბორდიური და ტროტუარი მოეწყობა. პროექტი საკომუნიკაციო ქსელის რეაბილიტაციას - წყალარინების ახალი ქსელისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობას ითვალისწინებს. ასევე, მოეწყობა ახალი განათების სისტემა და გამწვანდება გზაგამყოფი ზოლი.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 968 633.46 ლარია. სამუშაოებს შპს „ენ სი“ აწარმოებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 აპრილს დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.