Gebrüder Weiss-ის მმართველი საბჭოს წევრი - დაახლოებით 5 წლის წინ შემოვედით საქართველოში და ჩვენი ინვესტიციებით კმაყოფილები ვართ

ჩვენ დაახლოებით 5 წლის წინ შემოვედით საქართველოში და ჩვენი ინვესტიციებით დღეს ძალიან კმაყოფილები ვართ , - ამის შესახებ მსხვილი ავსტრიული სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანია Gebrüder Weiss-ის მმართველი საბჭოს წევრმა ვოლფრამ ზენგერ-ვაისმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, Gebrüder Weiss-მა საქართველოში არაერთი ბიზნესი მოიზიდა, უახლოეს მომავალში კი მსხვილი იაპონური კომპანიის შემოყვანას გეგმავს.

„ეს პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდება. ჩვენ ვაპირებთ, დამატებით 2 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია განვახორციელოთ ჩვენი ლოგისტიკური ტერმინალის გაფართოებაში. ეს არის პირველი ნაბიჯი განვითარების შემდგომ ფაზაზე. პრემიერ-მინისტრმა გამაცნო ქვეყნის წარმატებები და აღნიშნა, რომ დაინტერესებულია ლოგისტიკის სექტორის განვითარებით. საქართველოში ლოგისტიკური ტერმინალის გახსნის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ორიოდე წლის წინ მივიღეთ, სწორი აღმოჩნდა. ძალიან მოხარულნი ვართ, რომ აქ ვიმყოფებით“, - განაცხადა ვოლფრამ ზენგერ-ვაისმა.

Gebrüder Weiss-ის მმართველი საბჭოს წევრის კომენტარს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.