ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი კომპანიის Ryanair-ის ხელმძღვანელი თვითმფრინავში დასაჯდომის ნაცვლად დასადგომი სკამების განთავსებით დაინტერესდა, თუმცა, სანამ თვითმფრინავის სალონში მსგავსი სკამების განთავსებას შეძლებს მან უნდა დაამტკიცოს, რომ ისინი აბსოლუტურად უსაფრთხოა.
დასადგომი სკამების იდეა დაახლოებით, 8 წლის წინ იტალიურმა დიზაინერულმა კომპანია Aviointeriors Group-მა წარმოადგინა. საბედნიეროდ, იმ დროს არც ერთი ავიაკომპანია არ დაინტერესდა აღნიშნული იდეით, Aviointeriors Group-ი ავიაკომპანიებს დასაჯდომი სკამების ნაცვლად დასადგომ სკამებს, მგზავრებს კი დამდგარ და არა დამჯდარ პოზიციაში მგზავრობას სთავაზობდა. თუმცა, არც ისე დიდი ხნის წინ ენთუზიასტები მაინც გამოჩნდნენ. განახლებული ვერტიკალური სკამები დიზაინერულმა კომპანიამ გერმანიაში თვითმფრინავის სალონის აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაზე აჩვენა.
კომპანია მიიჩნევს, რომ ეკონომკლასი დღეს ზედმეტად კომფორტულია, ამიტომ ფირმა კომპანიებს სთავაზობს, თვითმფრინავის სალონში ვერტიკალური სკამები განათავსონ, რაც დიზაინერული კომპანიის თქმით, სკამებს შორის მანძილს 60-70 სანტიმეტრით შეამცირებდა და სალონში 20%-ით მეტი ადგილის განთავსება და შესაბამისად მეტი მგზავრის გადაყვანა იქნებოდა შესაძლებელი.