პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნება კანონით სავალდებულო იქნება.ამასთან, ნებისმიერ პირს პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ კანონპროექტებთან და მის ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით, კომენტარის სახით, საკუთარი შენიშვნისა და მოსაზრების დაფიქსირების შესაძლებლობა ექნება.
შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში აისახა, რომელიც დღეს, მესამე მოსმენით, 72 ხმით მიიღეს.
პროექტის მიხედვით, წამყვანი კომიტეტი მიღებულ კომენტარებს შეისწავლის და საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტის დასკვნაში ასახავს. უფრო კონკრეტულად, პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ კანონპროექტთან ან მის ცალკეულ მუხლთან/პუნქტთან დაკავშირებით კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვამდე, დაფიქსირებული მოსაზრება-შენიშვნა წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარეს წარედგინება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას კომიტეტის წევრებს გააცნობს. პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული შენიშვნა-მოსაზრების კომიტეტის მიერ გაზიარების შემთხვევაში, კომიტეტის დასკვნაში აისახება.
პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან დეპუტატები: გიორგი კახიანი, ეკა ბესელია და ირინა ფრუიძე. მათი განმარტებით, ცვლილებების მიზანია, OGP-ის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და კანონშემოქმედებით პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მაღალი სტანდარტის დანერგვა.
პარლამენტში განსახილველად წარდგენილი საკითხები ვებგვერდზე ახლაც იდება, თუმცა პარლამენტის რეგლამენტი კანონპროექტების გამოქვეყნების ვალდებულებას არ ითვალისწინებს.