“ეისითი” დაინტერესდა, თუ რა გზებით ხდება/მოხდა სამსახურის მოძიება დასაქმებულ თბილისელებს შორის.
კვლევის მონაცემები გვიჩვენებს, რომ თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის/ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ. კერძოდ, გამოკითხულ დასაქმებულთა 55%-მა სამსახური სწორედ ახლო კონტაქტების დახმარებით დაიწყო. მეორე ყველაზე პოპულარული გზა კი ინტერნეტში ვაკანსიის მოძიებაა. ამ გზით გამოკითხულ თბილისელთა 12% დასაქმდა.
საინტერესოა, რომ დასაქმებულთა უმრავლესობა საკმაოდ დადებითად აფასებს საკუთარ კვალიფიკაციას, ვინაიდან 60%-ის მოსაზრებით, ისინი უშუალო ხელმძღვანელის ჩანაცვლებას/მისი მოვალეობის წარმატებით შესრულებას შეძლებდნენ.
„ამასთან, „ეისითიმ“ გაარკვია, თუ რამდენად იყენებენ დასაქმებული თბილისის მცხოვრებლები ინტერნეტს სამუშაო პროცესში. როგორც აღმოჩნდა, 10 დასაქმებულიდან საშუალოდ მხოლოდ ოთხი იყენებს ინტერნეტს (37%). საგულისხმოა, რომ სამსახურში ინტერნეტის გამოყენების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 25-34 ასაკობრივ კატეგორიაში (65% იყენებს), ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 65 წლის და უფროსი ასაკის დასაქმებულებში ფიქსირდება (12%),“-აღნიშნულია კვლევაში.
ცნობისთვის, კვლევა თბილისის მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 403 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2018 წლის 12 თებერვლიდან 14 თებერვლის პერიოდში ჩატარდა. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს.