საგამოძიებო სამსახურმა ოთხი საწარმოს ხელმძღვანელი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევის ფაქტზე, ოთხი საწარმოს ხელმძღვანელი დააკავეს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან იუწყებიან, გამოძიებით დადგინა, რომ ბრალდებულები, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობდნენ.

„მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, აღნიშნულ პირებს შორის წინასწარ ხდებოდა შეთანხმება, თუ რომელ კომპანიას უნდა გაემარჯვა ტენდერში. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მეწარმე სუბიექტების ნაწილი, ტენდერში მონაწილეობის პროცესში სპეციალურად იღებდა დისკვალიფიკაციას, რაც საშუალებას აძლევდა ბრალდებულებთან დაკავშირებულ ტენდერში მონაწილე სხვა კომპანიას, ტენდერი მაღალი ფასნამატით მოეგო. შედეგად, არსებითად დაირღვევა შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესი. გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, ტენდერში მონაწილეობის მსურველი სხვა კომპანიის წარმომადგენელზე ახდენდა ზეწოლას, რათა ამ უკანასკნელს უარი ეთქვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ტენდერებში მონაწილეობაზე. საქმეზე დაკავებულ პირებს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 195-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.