მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულება 3,5-წლიან პიკურ მაჩვენებელზეა.
როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, 1 ბარელი ბენტის ტიპის ნავთობის ფასმა 74 დოლარს გადააჭარბა. სპეციალისტების თქმით, არის საუბარი, რომ მსოფლიო ბაზარზე "შავი ოქროს" ღირებულება 80-100 დოლარის ფარგლებში იმერყევებს.
რაც შეეხება საქართველოს, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საქართველოში ნავთობის ღირებულება საერთაშორისო ტენდენციის მიხედვით დარეგულირდება. სხვათა შორის, საცალო ქსელში გაძვირების ტენდენცია უკვე შეიმჩნევა. არაბრენდირებულ სადგურებზე ბენზინი და დიზელი 3-5 თეთრით გაძვირდა.
საგრძნობლად მომატებულია ფასი საბითუმო ბაზარზე და განსაკუთრებით თვალშისაცემია "პლატცის" აღმასვლა. საქართველოში 1 ლიტრი ბენზინის საბითუმო ფასი 1.93 ლარია, ხოლო დიზელისა - 1.98 ლარი, რაც შეეხება "პლატცს", 1 ტონა ბენზინი საერთაშორისო ბირჟაზე 686.25 დოლარი ღირს, ხოლო დიზელი – 639.5 დოლარი.
საერთაშორისო ბაზარზე საწვავის გაძვირების რამდენიმე ტენდენცია იკვეთება, ერთ-ერთი კი დოლარის გაუფასურებას უკავშირდება. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდის მიზეზებზე საუბრობს ანალიტიკოსი ჯაბა თარიმანიშვილი. როგორც მან "რეზონანსს" განუცხადა, ნავთობის გაძვირება რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება, რომლებიც საერთო ჯამში, მოქმედებს თვითღირებულებაზე. მნიშვნელოვანი მიზეზია დოლარის გაუფასურება, თუმცა ასევე დიდ როლს თამაშობს ის მოლოდინი, რაც მსოფლიოში არსებობს – პოლიტიკური დაძაბულობა, ომის საფრთხე ახლო აღმოსავლეთში. თუკი ვითარება არ შეიცვალა, ნავთობი სამომავლოდ 80-100 დოლარის ფარგლებში იმერყევებს.
"საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის მატება რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. ერთ-ერთია ალუმინის ფასი, რომელიც 2011 წლის შემდეგ მაქსიმალურ ნიშნულზეა. ეს გამოწვეულია რუსეთისადმი ამერიკის მიერ დაწესებული სანქციებით. ნავთობის ბაზრის მონაწილეები ელოდებიან კიდევ ახალ სანქციებს რუსეთთან მიმართებით და ფიქრობენ, რომ ეს უკვე მთლიან სექტორს მოიცავს.
მნიშვნელოვანი მიზეზია საუდის არაბეთის წარმომადგენელთა განცხადება, რომ ნავთობის ფასს ელოდებიან 80-100 დოლარის ფარგლებში. შესაბამისად, ამანაც მოლოდინი კიდევ უფრო გაამძაფრა. ოპეკ-ის წევრებს აინტერესებთ ნავთობის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება, რაც მოპოვების შემცირებაზე შეთანხმების ერთ-ერთი წინაპირობა იყო.
ასევე შეიძლება გაესვას ხაზი დოლარის გაუფასურებასაც. საერთო ჯამში, ერთი ან ორი მოვლენა არ არის დაკავშირებული ნავთობის გაძვირებასთან, ეს არის სხვადასხვა ფაქტორის კომბინაცია, რამაც მოგვცა დღევანდელი შედეგი", - განაცხადა თარიმანაშვილმა.
საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ზრდის პარალელურად ადგილობრივ ბაზარზე იცვლება ვითარება. გაძვირების არასასურველი ტენდენცია უკვე იგრძნობა. "რეზონანსთან" საუბრისას "სენტა პეტროლიუმის" დამფუძნებელმა ზაალ იაკობიძემ ხაზი გაუსვა, რომ თუკი საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენცია შენარჩუნდა ან კიდევ გაიზარდა ნავთობის ღირებულება, საწვავის ფასი აუცილებლად შეიცვლება და მალე დაეტყობა ადგილობრივ ბაზარს.
"საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის გაძვირება უკვე ემჩნევა საბითუმო ბაზარს, გაძვირება აშკარაა. ბოლო პერიოდში დაახლოებით 5-6 თეთრით გაიზარდა საბითუმო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ღირებულება. არასასურველი ტენდენცია შენარჩუნებულია დღემდე და არც იმას გამოვრიცხავ, რომ მოკლევადიან პერიოდში ისევ მაღლა წავიდეს ფასი.
არაბრენდირებულ სადგურებში უკვე რამდენიმე თეთრით გაძვირდა ბენზინიც და დიზელიც. ჯერჯერობით უცვლელია სიტუაცია მსხვილ აგს-ებზე, თუმცა – დროებით.
რაც შეეხება სასაქონლო ბაზარსა და იმ პროდუქტებს, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია ნავთობთან ან დისტრიბუციასთან, ჯერჯერობით მყისიერი ასახვა და ფასების ზრდა არ უნდა შეეტყოს, რადგან მინიმალური რყევა არ შეიძლება, გაძვირების მიზეზი გახდეს.
ქართველი მომხმარებელი მთლიანად დამოკიდებულია საერთაშორისო ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე, შესაბამისად, აქ საერთაშორისო ტენდენცია ადეკვატურად აისახება ხოლმე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოკლევადიან პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე არსებული მდგომარეობა აუცილებლად იმოქმედებს ადგილობრივ ბაზარზეც, მით უმეტეს იმ დროს, როდესაც ლარი ისევ უფასურდება. რასაკვირველია, თუ სამომავლოდ ნავთობის გაიაფება დაიწყო, ესეც მოაღწევს ჩვენამდე.
დღესდღეობით საბითუმო ბაზარზე 1 ლიტრი ბენზინი 1.93 ლარი ღირს, ხოლო დიზელი – 1.98 ლარი. რაც შეეხება "პლატცს", იქ 1 ტონა ბენზინი 686.25 დოლარი ღირს, ხოლო დიზელი - 639.5 დოლარია", - განუცხადა "რეზონანსს" იაკობიძემ.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"