„პოლიეთილენის პარკების გამოყენების აკრძალვის შესახებ ინიციატივა მთავრობაში დასამტკიცებლად სულ მალე შევა“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ განაცხადა.
„საქართველოში პლასტიკის პარკების გამოყენების შემცირება იგეგმება. სამინისტრომ შეიმუშავა ახალი ინიციატივა პლასტიკის პარკების გამოყენების შემცირების მიმართულებით და ასევე, გარემოს დაბინძურების პრევენციის კუთხით - სულ მალე ეს ინიციატივა მთავრობაში შევა დასამტკიცებლად“, - განაცხადა კერესელიძემ.
გარემოსთვის ზიანის მიყენების შემცირების მიზნით, საქართველოში პოლიეთილენის პარკების გამოყენების აკრძალვის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენების მართვის სამსახურმა შესაბამისი პროექტის შემუშავება დაიწყო, რომელიც დასამტკიცებლად მთავრობას უნდა გადაგზავნოდა. პროექტის მიხედვით, 15 მიკროზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკები აიკრძალება. ეს ყველაზე თხელი პლასტიკის პარკია, რომელიც ერთჯერადია და მისი მეორედ გამოყენება არ ხდება.
როგორც მაშინ იყო მოლოდინი, პარკების აკრძალვა 2018 წლის პირველი იანვრიდან უნდა მომხდარიყო, თუმცა პროექტი მთავრობას ჯერაც არ ჩაბარებია.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ერთი თვის წინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ალვერდ ჩანქსელიანმა განუცხადა, მთავრობის დასტურის შემთხვევაში, ქვეყანაში პოლიეთილენის პარკების გამოყენება 2018 წლის ბოლომდე აიკრძალება.
2010 წლის მონაცემებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთი მოქალაქე საშუალოდ დაახლოებით 198 პოლიეთილენის პარკს მოიხმარს. ევროკავშირის ქვეყნებში შესაბამისი დირექტივა და განსაზღვრული სტანდარტი მოქმედებს, როგორი პარკების მოხმარება იკრძალება. შესაბამისად, ევროპის ქვეყნებში არის მოლოდინი, რომ 2015 წლისთვის ერთი მოქალაქე საშუალოდ მხოლოდ 40-ს პარკს უნდა მოიხმარდეს. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან მსგავსი რეგულაცია არ მოქმედებს და საქართველოს ერთი მოქალაქე დაახლოებით 525 პოლიეთილენის პარკს მოიხმარს.
თეონა კენჭიაშვილი