თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, "ღამის ეკონომიკის" განვითარების პროექტის განხორციელებაში მარტო მერია ვერაფერს გახდება და ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა.
ამის შესახებ კალაძემ სასტუმრო „ბილტმორში“ განაცხადა, სადაც თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტს წარადგენს.
„ჩვენ ახალს არაფერს ვიგონებთ, გვინდა, რომ საუკეთესო მაგალითები გადმოვიტანოთ ჩვენს დედაქალაქში. თუმცა ამ პროექტის განხორციელებაში მარტო მერია ვერაფერს გავა, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის ჩართულობა. როცა ვსაუბრობთ ღამის ეკონომიკის განვითარებაზე, აქ საუბარია, რომ შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს. ამაში ჩართული იქნებიან სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლები. ბიზნესის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელებაში“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ღამის ეკონომიკაში მოიაზრება ტრანსპორტი, ხმაურის რეგულირება, კულტურული და ხელოვნების ინდუსტრიის განვითარება და მისი ეკონომიკის დარგად ჩამოყალიბება და დედაქალაქის სხვადასხვა უბნების განვითარება. ასევე, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.